„პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ გურანდა მანაგაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი და ზოგადად წავიდე პოლიტიკიდან. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანასა და რაიონში ხდება, ამას პოლიტიკასთან, ცივილიზებული გაგებით საერთო არაფერი აქვს“,_ ამბობს გურანდა მანაგაძე, რომლის თქმითაც, მთლიანად ქვეყანაში და მათ შორის ლანჩხუთშიც „ქოცურ-ნაცური“ კოჰაბიტაციური მმართველობაა დამყარებული და არ უსმენენ, არ იზიარებენ არცერთი ოპოზიციური პარტიის და ზოგადად ხალხის აზრს.
„დაშვებულია საშინელი შეცდომები საკადრო პოლიტიკაში, ყველგან მობრუნდა ნეპოტიზმი და კორუფცია… ძალიან ძნელია, როცა მიუხედავად ბრძოლისა, მონდომებისა და შემართებისა ყველაფერ ამაზე გავლენას ვერ ახდენ და სასიკეთოდ ვერაფერს ცვლი.
ვთვლი, რომ რომ ჩემი მხრიდან აზრი არ აქვს „ქარის წისქვილებთან“ ბრძოლას, რადგან ძნელია ებრძოლო დიქტატურას შიშველი ხელებით, მარტო ანთებული გულით“, _ დასძენს მანაგაძე.