თბილისის საქალაქო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „სიცრუეს“ უწოდებს.
„ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა : გიორგი დარახველიძემ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 365 მილიონი ლარით, ხოლო ვლადიმერ კაკაბაძემ კონკრეტული კერძო კომპანიები 150 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი დარახველიძე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრალდების საქმეს არსებითად იხილავს, საქმის წარმოება მიმდინარეა და არავითარი ჯარიმა, კომპანიის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. ასევე, მიმდინარეა სამოქალაქო საქმის წარმოება „ტერაბანკის“ მიმართ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, „ბრითიშ ამერიკან თობაქოსა“ და „ფილიპ მორისის“ მიმართ, საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კომპანიებისათვის ჯარიმების დაკისრების თაობაზე, ზემდგომ ინსტანციაში გაუქმდა. შესაბამისად, აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის მიზანმიმართულად და ხელოვნურად პრობლემების შექმნის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მოსამართლის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის დისკრედიტაციისგან, მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით”, _ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ სირაძემ, ხელისუფლება უცხოური ბიზნესის დევნაში დაადანაშაულა. როგორც სირაძემ განაცხადა, ამაში „ქართულ ოცნებას“ სასამართლო ეხმარება.
შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“, „ტერაბანკი“ „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ და ა.შ. – ეს იმ უხოური კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც ზეწოლა მიმდინარეობს, _ აცხადებს სირაძე.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა და მისმა „მაფიოზურმა კლანმა“ დაიმორჩილა, დააშანტაჟა ქართული ბიზნესი, უცხოელ ინვესტორებსაც მიადგა.
„2012 წელი, 5 ოქტომბერი: „მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ხელისუფლება თანაბარ პირობებში ჩააყენებს ბიზნესებს და აღმოფხვრის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკას.
„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ახდენს თქვენზე ზეწოლას აუცილებლად უნდა დაიწყო ყვირილი მე გამაუპატიურეს… და უნდა შემოჰკრა განგაშის ზარს“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს
თუმცა, მას შემდეგ დღემდე არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა ბიზნესმენმა განიცადა ზეწოლა.
ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა, ჯერ დაიმორჩილა, დააშანტაჟა და სრულ მორჩილებაში მოიყვანა ქართული ბიზნესი, ხოლო შემდეგ უცხოელ ინვესტორებს მიადგა. კომპანიებს, რომელთაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განახორციელებული საქართველოში. ამ კომპანიებზე ხდება ხელოვნურად, მიზანმიმართულად პრობლემების შექმნა, რაშიც ივანიშვილს მხარს უმაგრებს ასევე მის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სისტემა და ამ სისტემის ურცხვი მოსამართლეები.
დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ნაწილს იმ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ქმედებები და ასევე, იმ მოსამართლეების გვარებს, ვინც ამ უკანონობაშია ჩართული.
შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოსამართლე გიორგი დარახველიძე, ჯარიმის ოდენობა 365 მლნ.ლარი. მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ჯარიმის ოდენობა 200 მლნ.ლარი.
„ტერაბამკი“ „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, ჯარიმის ოდენობა 150 მლნ. აშშ.დოლარი.
„დემირელის კოლეჯი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,5 მლნ.ლარი, დაყადაღებულია მთელი მათი ქონება, ხოლო მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მუსტაფა ჩაბუქს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,35 მლნ.ლარი, ხოლო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის მოქალაქე ჯიაჰან ჰაკინი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდანვე გაუკეთეს დეპორტაცია.
კატეგორიულად მოვითხოვთ კიდევ ერთხელ: შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგს ჩვენი ქვეყნის ისედაც შეჩერებული ეკონომიკური განვითარებისთვის“, _ განაცხადა სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.