სატესტატო გამოცდა ფიზიკის საგანში, რომელიც დღეს ჩატარდა მეთერთმეტე კლასელთათვის, გაცილებით რთული აღმოჩნდა. ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასი, ერთადერთია მუნიციპალიტეტში, სადაც ერთ კლასში ორმა მოსწავლემ, ნიკოლოზ შაფაქიძემ და მარიამ სამსონიამ, ათბალიანი შეფასება დაიმსახურა. სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ლია გოხიძეა.
მოსწავლეებმა „გურია ნიუსთან“ აღნიშნეს, რომ ეს არის სრული ათიანი და არა დამრგვალებული, როგორც ეს წლიური ნიშნის გამოყვანის შემთხვევაში ხდება.
დღეს კიდევ ერთი სრული ათიანი დაიწერა ფიზიკაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორმა ნათელა თოხაძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩვენი სკოლის წარმატებულმა მოსწავლემ, ოქროს მედლის კანდიდატმა მეთერთმეტეკლასელმა, მერი ანდღულაძემ სრული ათიანი დაიმსახურა. ეს გოგონა გამორჩეული, ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა. ასევე სკოლას ჰყავს საუკეთესო ფიზიკის მასწავლებელი, ნაირა გურაშვილი. მათი შეთანხმებული მუშაობის შედეგია ასეთ საგანში მაღალი წარმატების მიღწევა“, _ აღნიშნა თოხაძემ.