ლიტერატურული ჟურნალი „განთიადის“ (რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს) საიუბილეო 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში, სადაც უნდა გამოვლენილიყო როგორც საუკეთესო პოეტური, ისე პროზაული ნაწარმოებები _ მოთხრობა და ესსე. კონკურსში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები საქართველოს მასშტაბით.
კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის, სამი ოზურგეთის წარმომადგენელია: დედა-შვილი, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია ღლონტი _ მან პოეზიაში მეორე ადგილი დაიკავა და ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასელი ნიკოლოზ შაფაქიძე, რომელსაც პოეზიაში მოსწავლეებს შორის პირველი ადგილი მიეკუთვნა. პოეზიაში მესამე ადგილი მიეკუთვნა სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამარ ყურაშვილს.
დაჯილდოების ცერემონია ქუთაისში, იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში („ოქროს ჩარდახი“) გაიმართა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემია _ 500 ლარი ნიკოლოზ შაფაქიძეს, 300 ლარი მაია ღლონტსა და 200 ლარი თამარ ყურაშვილს. გამარჯვებულები გამოცხადდნენ თბილისიდან, უმეტესად კი საქართველოს რეგიონებიდან.
დაჯილდოება განათლების სამინისტროს ეგიდით მოხდა.
_ როგორც ცნობილია, ჟურნალი „განთიადი“ ერთადერთი ჟურნალი იყო, რომელიც 1887 წლიდან, თავდაპირველად ხელნაწერი სახით, დედაქალაქს გარეთ გამოდიოდა საქართველოს მასშტაბით. მას მსოფლიოში ორიოდე ანალოგი თუ მოეპოვება. მისასალმებელია კონკურსის ორგანიზატორთა ჩანაფიქრი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით _ პომპეზურობას და სოლიდური თანხის ხაჯვას ამჯობინეს, მასწავლებლები და მოსწავლეები წაეხალისებინათ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ მაია ღლონტმა.
მისივე თქმით, გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლებლების ნაწარმოებები „განთიადის“ უახლოეს ნომერში დაიბეჭდება.