თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.
სევდია უგრეხელიძის, მამუკა ახვლედიანის, ხათუნა სამნიძის, ზაზა ვეკუას, შორენა ბუხრაშვილის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ საქმის წარმოება სასამართლომ სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყვიტა.
სასამართლოს ინფორმაციით, მხარეთა შორის დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება წარმოადგენდა. სადავო განკარგულება, ზვიად ნაზღაიძისთვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და მის საკომპენსაციოდ თანხისა და სხვა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების გზით გადაცემას ეხებოდა.
სასამართლოს განმარტებით, სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკრებულოს 23.12.16 წლის N419 განკარგულების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა იყო დარღვეული.