დღეისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა თუ აქ განთავსებულ სხვადასხვა მარკეტებში ერთი კილოგრამი ხარისხიანი ბალის ფასი 5 ლარიდან შვიდ ლარამდე მერყეობს. ერთი ლარი ღირს ერთი კილოგრამი ტყემალი, ჟოლოს ფასი კი, როგორც გურულები იტყვიან, „გაფრინდა“ _ ერთი კილოგრამი შვიდი ლარი ღირს.
_ რა ამბავია, გადაირიეთ, კაცო? არ მახსოვს, კენკროვანებს თუ კურკოვანებს ასეთი ფასი ჰქონოდეს. მარწყვი იყო კილოგრამი სამ ლარად, ბალი _ შვიდი ლარი? წამალია? _ ბრაზობენ ბაზარში საოჯახო კალათით გამოსული გურულები და პასუხსაც იქვე, ნაცნობ-უცნობი თანამოძმეებისგან იღებენ:
_ წამალი არაა, მარა ისე მოაქცია ამინდმა საქმე, კი უნდა მიირთვა წამალივით, ერთი აბი ბალი, ერთი აბი „მალინა“… ერთი კილო ორ კვირას გეყოფა, გეისოლებ ენის წვერს, _ წუწუნს მაინც ხუმრობა ურჩევნიათ გურულებს.
წლევანდელმა საგაზაფხულო ყინვებმა ყვავილობის ფაზაში, თუ სულაც ნაყოფგამოსხმულს, მოუსწრო ხეხილოვნებს და გაანადგურა. დაბლობ ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში, ტყემალს, ბალს, თეთრ ვაშლს ფოთოლიც არ შეარჩინა ყინვამ. დათბობის შემდეგ, ხეები ისევ მწვანედ კი შეიმოსა, თუმცა, ნაყოფიერების ვადა ბუნებამ მომდევნო წლის გაზაფხულამდე გადასწია.