გუშინ, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ინიციატივით, შემოქმედებითი საღამო გამართა საფრანგეთში მოღვაწე მსოფლიო დონის პიანისტმა, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.
ცნობილი ქართველი პოეტის, ზაურ ბოლქვაძის ქალიშვილმა მსმენელს დაუვიწყარი 1 საათი გაატარებინა კლასიკური მუსიკის სამყაროში.
შოპენის, შუბერტის, პროკოფიევის ნაწარმოებების შესრულების შემდეგ პიანისტმა ჩოხატაურთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ჩოხატაურელი მსმენელის წინაშე გამოსვლა. საპასუხისმგებლოა იმდენად, რამდენადაც აქ ჩემი ფესვებია, რაც ძალიან ბევრს მავალებს ცხოვრებაში. 2-8 სექტემბერს ბათუმში, ტარდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი Batumi MusicFest. მოხარული ვარ, რომ ფესტივალი წელს გაიმართება «იუნესკოს» მაღალი პატრონაჟით. როგორც იცით, ჩოხატაურში გაიხსნა ბათუმის ფესტივალთან დაკავშირებული ცენტრი. მომავალ ფესტივალზე ძალიან მინდა რაღაც ფორმით ჩავრთოთ ეს ცენტრი. ვფიქრობ, რომ ეს იყოს მასტერკლასები, რომელიმე კონცერტი ან ფესტივალის ფარგლებში, გავმართოთ კონკურსი. ეს არ იქნება საერთაშორისო კონკურსი, მაგრამ იქნება საერთაშორისო ჟიური. წინასწარ ინფორმირებული იქნება ყველა რეგიონი, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ჩამოვიდეს და დაუკრას ჩოხატაურის კულტურის სასახლეში. გარდა იმისა, რომ იქნება პრემიები, აუცილებლად დაწესდება წამახალისებელი პრიზები“, _ თქვა ელისო ბოლქვაძემ.