დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძემ დასვა კითხვა, რომელიც მაისის სტიქი ის დროს დაზარალებულთა არასრულყოფილად დახმარებას შეეხებოდა.
_ მაისის სტიქიის შედეგად, დაბა ნასაკირალში ოცდაერთამდე სახლი და საცხოვრებელი კორპუსი დაზარალდა. ეს იმავე დღეს ვაცნობეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩვენს დეპუტატებს, გურიის მაშინდელ ვიცე-გუბერნატორს სოსო ერქომაიშვილს. ოპერატიულად მოვიდნენ, ყველაფერი დაათვალიერეს, დასურათებულია სტიქიისგან მიყენებული ზარალი. სტიქიიდან მეოთხე თვეს აღმოჩნდა, რომ ოცდაერთი დაზარალებულიდან, ორი დახმარების გარეშეა დარჩენილი და არ არის ცნობილი დაზარალებულად. აქვე, ჩვენი დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელსაც ათასობით ლარი ჰქონდა გადაცემული, არასწორად განკაგავდა თანხებს და ღიად ჩანს კორუფციის ნიშნები. დაზარალებულს არ დაეხმარეთ და საეჭვო კომპანიას ასიათასები მიეცით. საეჭვოა იმიტომ, რომ გავარკვიეთ, ეს კომპანია ეკონომიკის სამინისტროს მიერ შავ სიაში არის შეტანილი. მაინტერესებს, რატომ იგებენ ტენდერებს ასეთი კომპანიები? – თქვა ქათამაძემ.
დეპუტატების უმრავლესობა ქათამაძეს არ დაეთანხმა, ხოლო გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა ამ ინფორმაციას არასწორი უწოდა:
_ ჯერ არ მომხდარა, ჩვენი საკრებულოს არჩევიდან დღემდე, ადამიანი რაიმე ნიშნის განგვესხვავებინოს _ რელიგიური იქნება ეს თუ ეთნიკური. ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტია ოზურგეთის მინუციპალიტეტი ამ მხრივ და არ მომხდარა, ისეთი ფაქტი გამოვლენილიყოს, რომელიც ჩვენს იმიჯს შელახავა. ვიმეორებ, არანაირი ნიშნით ჩვენ არ ვასხვავებთ ადამიანებს, გარდა ერთისა _ პირველ რიგში, გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფს ვეხმარებით, _ თქვა მან.
ბესო ქათამაძემ კვლავ გაიმეორა, რომ ორი დაზარალებულის, აროიანის და ირემაძის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელს ფასადები ჩამონგრეული აქვს, დახმარების გარეშე დატოვეს.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაესახელებინა, რომელი იყო ეს საეჭვო კომპანია, ბესო ქათამაძემ უარი განაცხადა და თქვა, რომ“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუშაობენ, რათა კარგად შეისწავლონ ეს ფაქტი და ამის შემდგომ დაგეგმავენ ბრიფინგს.