ნაკელი მცენარისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. ნიადაგში შეტანილი ნაკელი იწვევს ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას, ზრდის მასში ორგანული ნივთიერების შემცველობას, რის შედეგად უმჯობესდება მისი სტრუქტურა, რაც თავისთავად აუმჯობესებს ნიადაგში წყლის და ჰაერობულ რეჟიმს. ნაკელის გავლენით მძიმე თიხნარი ნიადაგი, რაც გურიისთვის არის დამახასიათებელი, ფხვიერი ხდება, ხოლო მსუბუქი ქვიშიანი კი, უფრო ბმული.
ვისაც შინაური მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს, მის ეზოში აუცილებელია კარგი სანაკელის მოწყობა, რასაც ჩვენს პირობებში ნაკლებად ვხვდებით. ხშირად ნაკელს პირდაპირ ბოსელთან ახლოს, ღია ცის ქვეშ ყრიან და უბრალოდ შემორაგულიც კი არ არის.
სანაკელის ასაგებად შეიძლება გამოყენებული იქნას ადგილობრივი საშენი მასალა. ძირითადად, სანაკელე უნდა აკმაყოფილებდეს ორ მოთხოვნას: ძირი და კედლები სითხის გაუმტარი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს წუნწუხის დაკარგვა და ნაკელი დაცული იქნას ქარის, წვიმის და მზისგან. აუცილებელია, სანაკელის მოწყობის დროს ისეთი ადგილი შევარჩიოთ, სადაც გრუნტის წყალი ორ მეტრზე დაბლა მაინც იქნება.
სანაკელე ბოსელს დაშორებული უნდა იყოს 50 მეტრით მაინც, საცხოვრებელი სახლიდან კი 100-150 მეტრით. სანაკელეს მოცულობა დამოკიდებულია პირუტყვის რაოდენობაზე. ნაკელის წუნწუხის შესაგროვებლად აუცილებელია გვერდით მოვაწყოთ საწუნწუხე ჭა. ამ ჭის მხარეს სანაკელეს ძირი დაქანებული უნდა იყოს. საწუნწუხე ჭის სიღრმე საკმარისია, იყოს 1-1,5 მეტრი.
ჩვენთან, დასავლეთ საქართველოში, სანაკელე ნიადაგის ზედაპირზეც ადვილად ეწყობა, საწუნწუხე ჭა კი ორმული წესით უნდა გავაკეთოთ.
სანაკელეში ნაკელის შენახვის კარგი წესია ასევე “ცივად”, ანუ დატკეპნილი შენახვა. ასეთი მეთოდით დაწყება კარგია, როცა შემოდგომა მოდის. უნდა დავიწყოთ დატკეპნვა და გავაგრძელოთ სამი თვის განმავლობაში. მომდევნო სამ თვეს კი ვამყოფოთ ასე, რომ “მომწიფდეს” და საგაზაფხულოდ ნაკელი კარგ, მშრალ მდგომარეობაში გვქონდეს და ისე გავიტანოთ ფართობში.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ, მშრალად ანუ დატკეპნილი წესით შენახვა ასე უნდა მოხდეს: ბოსლიდან გამოტანილ ყოველ ახალ ნაკელს ვათავსებთ სანაკელეში და კარგად ვტკეპნით, რის გამოც სანაკელეს შევსება წარმოებს თანდათანობით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიღებული მასა სანაკელის ერთ კუთხეში უნდა მოვათავსოთ და დავტკეპნოთ. მეორე დღეს გამოტანილით კი გვერდით დავუდგათ მეორე გროვა და ესეც დავტკეპნოთ. ასე გავიდეთ კუთხიდან კუთხეში, სანამ დატკეპნილი ნაკელის სიმაღლე ერთ მეტრს მაინც არ მიაღწევს. შემდეგ კი მეორე ზოლის შევსებას დავიწყებთ იგივე წესით. როცა შეივსება, როგორც ზემოთ ვთქვით, ვაცალოთ “მომწიფება” სამი თვის განმავლობაში. შემდეგ კი, გაზაფხულზე, უკვე მუქი შეფერილობის იქნება და საუკეთესოა სათეს ფართობში ბაღებში გასატანად. ასეთი ნაკელი გაცილებით უკეთესია, ვიდრე გაუხრწნელი ნაკელის გატანა ნიადაგში თესვის წინ.
ნიადაგში შესატანი ნაკელის დოზა დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატური პირობების თავისებურებაზე, ნაკელის ხარისხისა და კულტურული მცენარის საკვები ელემენტებისადმი მოთხოვნილებაზე.