განათლების სამინისტრომ ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. საუბარია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დასარიგებელ ვაშლზე.
შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ სამინისტრო 260 ათასი ერთეული ვაშლის შესყიდვას გეგმავს. პრეტენდენტი კი უფლებამოსილია შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი შესთავაზოს , რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა იყოს.
7 სექტემბერს განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყება საჯარო სკოლებში ვაშლების დარიგებას ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის გეგმავდა.
“გვინდა, 18 სექტემბრიდან ერთ კვირაში სკოლებს ვაშლები უკვე მივაწოდოთ. ამ ეტაპისთვის ვაშლის ტენდერს რა თანხა დასჭირდება, ზუსტად არ ვიცით, ეს ითვლება და ტენდერის გამოცხადებასთან ერთად გახდება ცნობილი“, _ განაცხადა სამინისტროს პროექტების მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა წელს პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.