ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში შეკრებილი მოსახლეობა, რომლებიც სოფელში კარიერის არსებობას აპროტესტებენ, დაშლას არ აპირებს.
ამ წუთებში მათთან იმყოფება მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, რომელმაც მოსახლეობას მიმართა თხოვნით, დაშლილიყვნენ და მანქანები გაეტარებინათ, მაგრამ მოსახლეობა მისი წინადადების მიღებას არ აპირებს. ისინი ინერტული მასალის გადაზიდვაზე პასუხისმგებელ პირთან, გოგიტა დუმბაძე შეხვედრას ითხოვენ.
გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ დუმბაძე მათ ვერ შეხვდება, რადგან ამ დროისთვის ოზურგეთში არ იმყოფება და ჰპირდება მოსახლეობას, რომ თითონ მივა ხვალ მათტან აღნიშნულ პრობლემაზე დასალაპარაკებლად.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან კილაძე. ის იზიარებს მელექედურის მოსახლეობის მოთხოვნებს, თუმცა, “გურია ნიუსის” კითხვებზე _ რამდენი ხანია აწუხებს მოსახლეობას ეს პრობლემა და როდის მოგვარდება სოფელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის პრობლემები? _ კილაძე გვპასუხობს:
“ნუ ინტრიგნობთ, ნუ მუხტავთ აქციას”.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.