ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით.
დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს წარმოგიდგენთ და ჩვენი თანამემამულეების აფრიკულ თავგადასავლებს მოგიყვებით. ალბათ გახსოვთ ჩვენი ბავშვობისდროინდელი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი – ექიმი აიბოლიტი და მისი „უკვდავი“ გაფრთხილება – „ბავშვებო აფრიკაში სამოგზაუროდ ნუ წახვალთ“. სამწუხაროდ ქართველების ნაწილი ამ „აკრძალვას“ არ ეპუება და „შავ კონტინენტზე“ ე.წ. „ადრენალინის“ მისაღებად მაინც მიდის. რასაკვირველია ისტორიულ სამშობლოში უსაფრთხოდ ბრუნდებიან, მაგრამ სხვადასხვა „აფრიკულ ისტორიებში“ მაინც ეხვევიან.
წინა საუკუნის 90-იან წლებში, შორეულ ნიგერიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები აღმოჩნდა. ამ „მოგზაურობას“ არჩილ არველაძე გაიხსენებს.
„აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში გვაქვს თამაში. სიცხეა ისეთი, რომ თავის მოკვლა მოგინდება კაცს. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? დიდი ამბით დაგვხვდნენ იქაურები.
მოკლედ, მაგარ პატივისცემაში ვართ ქართველი „ფუტბოლისტები“, მაგრამ, რად გინდა?! ბედი უნდა ყველაფერს და ავტობუსის კონდიციონერი შუა გზაზე გადაიწვა. ვიბუღებით ამ პაპანაქებაში. რაღა რუსული „პარნოი“ და რაღა ის ავტობუსი. ასე, „პარში გამოყვანილები“ მივედით სასტუმროში. სიცხე იქ უნდა გენახათ. მოკლედ, ოკეანიდან გამორიყული მომაკვდავი თევზებივით ვაღებთ პირს და ვპარავთ ჟანგბადს ერთმანეთს.
ღამით დავიძინეთ. დავიძინეთ ჰქვია, თორემ კოშმარში ვართ. მე, პირადად, ნაწილ-ნაწილ მესიზმრება ჩაციებული „ბორჯომი“, ცივი ლაღიძის წყალი – ლიმონი ნაღებით, ცივი შამპანური და… ჯოჯოხეთია!
გათენდა.
ცოტა გრილოდა და „მოვითელეთ“.
მატჩი რომ დაიწყო, ერთმანეთს ძლივს ვცნობდით.
იქაურები, ანუ მოწინააღმდეგეები, თავს მშვენივრად გრძნობდნენ და პირველსავე წუთზე შემოგვიტიეს. თუმცა, მოვიგერიეთ (ჯერ კიდევ „ცინცხლები“ ვართ). კონტრშეტევაზე სწრაფად გადავედით. პასი რეზის – რეზიმ დამიბრუნა… ორი მოვატყუე და ბურთი ისევ რეზის გავუგზავნე. შესაშურად გასცდა ორს… დაარტყა – არის! – 1:0. ვიგებთ. ეს იყო და ეს.
დაგვაწვა სიცხე და რა დაგვაწვა!!!
ყრუ დაცვაზე გადავედით. ასეთი ტაქტიკა არასდროს ამართლებს და ბახ! – 1:1. გაგვიქვითეს მაშინვე. ვინ ფიქრობს, თუ გიყვარდეთ, მოგება-წაგებაზე?!
ჩრდილო იარუსთან, მოედანზე ჩრდილია. უმალ იქით გადავიტანეთ თამაში. აფრიკელებიც, კოლეგიალურად, გადმოგვყვნენ, ან სხვა რა გზა ჰქონდათ?! – ვიჯუჯგებით 20 კაცი იმ პატარა ჩრდილში. მხოლოდ იმათი და ჩვენი მეკარეები არიან სიცხეში. ჩვენმა იმარჯვა და „შტანგას” ამოეფარა. იმათმა მეკარემ ესეც ვერ მოახერხა და გამოტვინებული დგას შუა კარში. დგას, არ იქცევა, თორემ ცოცხალია თუ არა – კაცმა არ იცის. იმდენი ვიჯაჯგურეთ ამ ჩრდილში, რომ ერთი ჩვენიანი წაიქცა. მსაჯმა თამაში გააჩერა. ეს ჩვენი კი წაიქცა, მაგრამ ბევრი არაფერი მოსვლია. მაინც წაივლო ხელი ფეხზე პროტესტის ნიშნად და აღებს პირს: ვაი, ვაიო! გაჩერდა თამაში და გავგორდით ჩვენც. მიწა მაინც ცოტათი გრილია.
გამოცვივდნენ ჩვენი „ნასილკიანი“ ექიმები, დაეხვივნენ დაზარალებულს, დაასხეს მუხლზე გამყინავი „სპრეი“ (არადა, კოჭს იტკიებდა). ესეც გაგრილდა ცოტათი, მაგრამ, რა შვილი ადგება, გიჟი კი არაა!
წაქცეულ დაზარალებულს ახლა კოჭზე დასცხეს „სპრეი“.
გვიხარია. ვისვენებთ.
როგორც იქნა, მატჩი განახლდა. საკაცეზე წევს ჩვენიანი და უნდა წაიყვანონ. გაიყვანონ მოედნიდან.
მაგრამ „ცირკი“ აქ მოხდა. დაზარალებული წამოდგა, კვანჭალ-კვანჭალით და მწყობრშია.
„აბა საკაცეზე ვინ წევს?“ – გავიფიქრე.
ჩვენი მურთაზ შელია არ გაშხლართულა? – ვერ მიცნობენო, უფიქრია, მაგრამ გასახდელთან იცნეს და „სიმულიანტი“ ისევ შემოაგდეს მოედანზე.
1:5 წავაგეთ. სასტუმროში გვითხრეს, თორემ, ისიც არ ვიცოდით“.
ფეხბურთელებზე უფრო ადრე აფრიკაში ანსამბლი „რერო“ იმყოფებოდა. ამ „ისტორიას“ მერაბ სეფაშვილი მოგვიყვება.
„1979 წელს ანსამბლ „რეროში“ ვმღეროდი. აფრიკაში რომ წავიდნენ საგასტროლოდ, მეც წამიყვანეს.
უგანდაში ვართ. ანსამბლი გასასეირნებლად მიიწვიეს და მეც წამიყვანეს.
დაჟინებით გაგვაფრთხილეს: ახლა მივდივართ ნახევრად ველურ ხალხში. რაღა დაგიმალოთ და კაციჭამია ტომია. ქართველებს ეტანებიან ნამეტნავად, მით უმეტეს, ასაკით უმცროსები ურჩევნიათ და ფრთხილად იყავითო.
მივედით ამ ტომთან და ატყდა ტამტამების რაკა-რუკი. ტყეში ვართ. კაციჭამიები ჯერ არაფერს აპირებენ, ცეკვავენ და როკავენ.
„ალბათ, ასე იმიტომ ცეკვავენ და ხტუნაობენ, კარგად რომ მოშივდეთ. მერე? რა – მერე? ყველაზე პატარა მე ვარ ასაკით და… ვაი, დედა“ – ვფიქრობ გამწარებული.
ერთი მეგობარი მყავდა, ვასიკო, ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. ცოტა სასმელი მოგვართვეს – ჩვენებურ ჭაჭას არ ჩამოუვარდებოდა სიმაგრით და, არ შევჟუჟუნდით?!
მოგეხსენებათ, მუსიკა ჩემი გატაცებაა. ვუპარტყუნეთ მე და ვასიკომ ამ ტამტამებს და მერე და მერე ცეკვაშიც ავყევით „უმცროსასაკისჭამია“ იქაურებს. ჩაგვხვიეს ტალახისფერი ხელები და გვაჩაქჩაქებენ აქეთ-იქით („ფერხული“ გამახსენდა). ერთმა გვანიშნა (აბა, რუსული სად იცოდა), პიჯაკი გაიხადეთ და ისე იცეკვეთო (თვითონ ნიფხვისამარა იყო).
აზარტში შესულებმა, გავიხადეთ პიჯაკები და ისევ გატაცებით ვცეკვავთ.
ვცეკვავთ კარგია. მივიხედ-მოვიხედეთ და, სადაა ჩვენი ავტობუსი?! – წასულან. დავრჩით მარტო. მორიგი გაჟრჟოლება მოვასწარი.
– ბიჭო, ვასიკო. ჩვენი ავტობუსი წასულა! – გადავუჩურჩულე მეგობარს.
მასპინძლები უფრო გაგიჟდნენ, უმატეს ცეკვას და ტლინკაობას. შეჭმის აშკარა კანდიდატები ვართ. მთელმა განვლილმა ცხოვრებამ ჩაიარა ჩემ თვალწინ. რას შვრები ახლა?! მე შენ გეტყვი, გახვალ გზაზე და „მარშრუტკას“ აუწევ ხელს. არა, შეგვჭამენ.
– ვასიკო, ახლავე გავ… იქცეთ აქედან… – ისევ ვუჩურჩულე ვასიკოს.
– კი, დროა უჟე! – ისე სერიოზულად და დინჯად დამეთანხმა, თითქოს ავლაბარში ვქეიფობდით.
წახვალ კაია, ვინ გიშვებს? – ჩაუჭიდებიათ ხელები მარწუხებივით და – კიდევ ვიცეკვოთო, – კრიჭავენ უჯანსაღეს თეთრ კბილებს. ესღა მინდოდა?! რა კარგი კბილები აქვთ ამ ამოსაწყვეტებს! გავიხედე, ერთი დანას ლესავს. დამასხა ოფლმა.
– ე, ბიჭო, ვასიკო, დანას ლესავს ეს შობელძაღლი!
– მოიცა, რა! მაგათ დანით წვრილად დაჭრილი ადამიანები არ უყვართ, ველურები არიან, დაგვძიძგნიან.
ისეა დაპატარავებული შიშით, ძლივს ვიცანი ხმით…
– გავიქცეთ! – „შემომაპარა“ ვასიკომ.
– გავიქცეთ! – ვთქვი მტკიცედ, მაგრამ, ვინ გიშვებს? – უფრო მომიჭირა ხელი ერთმა, თან მიღიმის… რის ვაივაგლახით გავითავისუფლე თავი. ვასიკოც გამოეყო. განაგრძობენ როკვას. პიჯაკებს დავეძებთ.
– არიქა, ვასიკო, ჩქარა! ჯერ, ალბათ, არ შიათ ამ უპატრონოებს.
– კი, კი, წავიდეთ, დროა, – თქვა ვასიკომ და თავი პიჯაკში ჩამალა.
ერთი გამოეყო სხვებს და მოგვიახლოვდა – ჩემკენ მოდის კბილების კაწკაწით.
– ია დუბაი, ია დუბაი დობაბო, – მითხრა აფრიკელმა, – იუ ბაბო…
– რა უნდა ამას? – ვეკითხები ვასიკოს.
– ბაბოც რომ წამოგეყვანა სადესერტოდ, რა მოხდებოდაო, – „გადმომითარგმნა“ ვასიკომ.
– მოიცა, კაცო, რა დროს მასხრობაა? თუ გადარჩი, ჩემებს უთხარი, გმირულად შემოეჭამა მერაბი შავკანიან ვაჟკაცებს-თქო, – მოვასწარი გადაჩურჩულება.
ბოლოს გაირკვა, თურმე, ის „კაციჭამიები“ რუსული ცეკვის ანსამბლის ბიჭები ყოფილან გადაცმულები და ასეთი „შტუკა“ ბევრს გაუკეთეს
ექვსი კვირა ვუცადე ხმის დაბრუნებას“.
რუსთაველის თეატრი საგასტროლოდ აფრიკაში არ ყოფილა, მაგრამ აფროამერიკელებთან „ახლო ურთიერთობას“ მაინც ვერ გადაურჩა. ამ არაჩვეულებრივ ამბავს ბატონი ჯემალ ღაღანიძე გაიხსენებს.
„კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით მეხიკოში. მიშიკოს როლზე პატარა ბიჭი გვყავდა, მაგრამ კომუნისტების დროს, უცხოეთში არ შეიძლებოდა არასრულწლოვანი მსახიობის გაყვანა. სადაც მივდიოდით, იქ ვიყვანდით ამ როლზე ბავშვს. რეპეტიციას ამ ბავშვისთვის გავდიოდით ხოლმე უცხოეთში, რომ სცოდნოდა – რა ეთამაშა, როდის რა ექნა და სცენაზე როგორ მოქცეულიყო.
მეხიკოშიც, თეატრის მენეჯერმა უთხრა რობიკო სტურუას, წავალ და ისეთ ბიჭს მოვიყვან, ამ როლზე რომ გამოგადგებათო. გავიხედეთ, მოჰყავს, მაღალი, აფროამერიკელი მიშიკო.
გადავირიეთ, შევიცხადეთ: რა არის კაცო ეს, ჩვენი მიშიკო თეთრია, ეს აყლაყუდა ფერადკანიანი რად გვინდაო. მენეჯერი მიუბრუნდა რობიკოს და უთხრა: ბატონო რობერტ, ამის მამა გვაფინანსებს და ძალიან გთხოვთ, ერთ სპექტაკლში ათამაშეთ, რა მოხდება, ქვეყანა ხომ არ დაიქცევაო. ჯანდაბასო იფიქრა რობიკომ და გავიარეთ რეპეტიციები.
სპექტაკლში, იზა გიგოშვილი თამაშობდა მიშიკოს დედის როლს. ერთი სიტყვით, დაიწყო სპექტაკლი, ვართ როლებში შეჭრილი, იზა გართხმულია სცენაზე, რამაზ ჩხიკვაძე ეუბნება მიშიკოს, მიდი, დედაშენთანო. ისიც უნდა გაქცეულიყო განცდით და ზემოდან მოხვეოდა ძირს გართხმულ დედას. გავიხედეთ, მივარდა და ზემოდან მოაჯდა იზას. გავშრით, ვერ მივხვდით რა გვექნა და უცებ, რამაზ ჩხიკვაძემ ატეხა ყვირილი: ეს რა გვიქნეს კაცო, ამ უცხო მხარეში, მსახიობი არ გაგვიბახესო?! ვეცით რამაზს: გაჩუმდი კაცო, დარბაზში ვინმე ჯიგიტი თბილისელი არ იჯდეს, ამ შუაგულ მეხიკოში ნუ ჩაადენინებ აფროამერიკელის ცოდვასო“.