ზოგადად, შემოდგომაზე ყოველთვის კარგია აგროტექნიკური სამუშაოების ჩქარ ტემპში ჩატარება, რადგან ზამთარიც მოულოდნელი სიურპრიზებით ხასიათდება და ზოგჯერ, შემოდგომის დასრულებამდე, თოვლიც მოვა ხოლმე. მით უფრო წელს, როცა საშიში მავნებელი ფაროსანა შეესია დასავლეთ საქართველოს და მისი გამოზამთრების შემთხვევაში, უდიდესი საფრთხე ემუქრება მთელი ქვეყნის სოფლის მეურნეობას, კონკრეტულად კი თხილის კულტურას.
ამჯერად გურიის მაგალითზე ვსაუბრობთ _ ჩვენთან, ოქტომბრის შუა რიცხვების შემდეგ, თხილის კრეფის სეზონი დასრულებულია. ამიტომ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება და რაც უფრო მალე ვიზამთ ამას, მით უკეთესი.
პირველ რიგში, თხილის ხეებს უნდა შევაჭრათ ხმელი ტოტები, ასევე, შემოვაცალოთ ამონაყრები, მოვხვეტოთ ხმელი ფოთლები და ეს ყველაფერი სათხილის გარეთ გატანის შემდეგ დავწვათ.
აღსანიშნავია, რომ თხილის მცენარეს ფოთოლი ყველაზე გვიან სცვივა და დეკემბრის ბოლოსაც დასჭირდება ერთი შემოვლა, რომ მოგროვებისა და მოხვეტის შემდეგ, არც ერთი დაუწვავი ფოთოლი არ დავტოვოთ. საქმე იმაშია, რომ ფაროსანა მარტო შენობებში არ შედის _ ის იბუდებს ფუღუროებში, ხმელი ფოთლების გროვებში, ყველგან, სადაც შეძლებს შესვლას და სასურველი გარემოს პოვნას.
ყველა მეურნემ კარგად იცის ნეშომპალისგან წარმოქმნილი არაორგანული სასუქი რაოდენ ხარისხიანი და საუკეთესოა, თუმცა, წელს, მავნებლის გამო, ხმელი ფოთლების ყველა გროვა უნდა დავწვათ.
როცა სათხილეებში დავასრულებთ აგროტექნიკურ ღონისძიებებს, შემდეგ უნდა მოხდეს მცენარის სპილენძის შემცველი პრეპარატით შეწამვლა. ამ საკითხზე უკვე მუშაობს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრი, სოფლებში ეწყობა შეხვედრები და საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემა.
ახლა მთავარია, მოსახლეობამ კარგად ჩაატაროს აგროტექნიკური ღონისძიებები და სანიტარული ჭრა, რომ გამზადებული პლანტაციები შესაწამლი პრეპარატებით სრულფასოვნად დამუშავდეს.
გვახსოვდეს _ როგორც არასდროს, დიდია საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, ფაროსანამ სრულიად ქართულ სოფლის მეურნეობას მიაყენოს. ამიტომ საშემოდგომო სამუშაოების კარგად შესრულება საქმის ნახევარს უდრის. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, სათხილეებში ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, თუ გვინდა თხილი გადავარჩინოთ და აქედან გამომდინარე, გადავარჩინოთ ძლივს გამოღვიძებული ჩვენი ეკონომიკა.