ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის ჯვარცხმის საარჩევნო უბანი, 20 ოქტომბერს, 22 საათზე “გურია ნიუსის” გადამღებ ჯგუფს ღია დახვდა. ეზოში მყოფმა პირმა, ოლეგ ყაჭეიშვილმა, რომელიც, როგორც გავარკვიეთ, ამავე უბნის კომისიაში “ქართული ოცნებიდან” დანიშნული წევრია, გვითხრა, რომ ის “ყარაულად” იყო დატოვებული და უბანს პოლიცია იცავდა.
“პოლიციას დალუქული აქვს ბიულეტენები, სეიფშია ყველაფერი ჩაკეტილი და გასაღები მას აქვს”, _ გვითხრა კომისიის წევრმა, რომელსაც პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე, თუ რა დანიშნულებით იმყოფებოდა უბანზე, რომელიც, კანონის თანახმად, დაკეტილი უნდა ყოფილიყო.
მან, ასევე, ვერ გვიპასუხა თუ რომელ საათზე გაფორმდა მიღება-ჩაბარების ოქმი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან. ამ კითხვაზე არც პოლიციის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომელიც უბნის გარეთ იყო და რომლის თქმით, მას მხოლოდ იმ ოთახის დაცვა ევალება, რომელშიც ბიულეტენები ინახება.
აღნიშნული შემთხვევის ამსახველი კადრები გურია ნიუსის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.