საფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა,- ამის შესახებ სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა ეროლ ავგორენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან სასტუმროში ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. დღეს გლოვის დღეა და მოვინახულებთ მათ ოჯახებს.
მადლობას ვუხდი ქართულ პოლიციას და მაშველებს. „ლეოგრანდის“ პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან, დეტალურად ჩვენი ადვოკატები გააკეთებენ დამატებით განმარტებებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა“, _ განაცხადა სასტუმრო„ ლეოგრანდის“ მფლობელმა ეროლ ავგორენმა.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
1tv.ge