20 ივლისს, ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ნათლიის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს.
მომხდარიდან რამდენიმე თვეში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მკვლელობის ფაქტი გახსნა. გურია ნიუსის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კახა მეგრელიშვილს, მეტსახელად “ბუძგიას”, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგრელიშვილი განაწყენებული იყო ნაცნობზე ფოცხიშვილზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, ფოცხიშვილის მოკვლა განიზრახა.
“ამისთვის მან სპეციალურად, ფარულად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივლისს, მეგრელიშვილი და მისი თანამზრახველი ავტომობილით აედევნენ მსხვერპლს _ გ.ფ-ს, რომელიც ოზურგეთში, ნათესავთან დ.მ-სთან სთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ” _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე „გურია ნიუსმა“ ჟურნალისტური მოკვლევა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.
მაშინ, ჩვენთან საუბარში, წყარო ფოცხიშვილის მკვლელობას, 2010 წელს, ბათუმის ციხეში მომხდარ კრიმინალურ ფაქტს უკავშირებდა და აღნიშნავდა, რომ ეს წლების წინ დაწყებული შურისძიების გაგრძელება იყო:
_ 2010 წლის გაზაფხულზე, გურამი ბათუმის ციხეში, სამედიცინო კამერაში სამ პირთან ერთად იჯდა. ნარდს თამაშობდნენ და სწორედ ამ დროს მას ერთ-ერთმა უკანა მხრიდან ხელი კისერში წაუჭირა, ორმა კი მაკრატლით დაჭრა. ეს საქმე მაშინ არავის გამოუძიებია, არც ისაა ცნობილი, ვინ შეიტანა 4-კაციან კამერაში ე. წ. “ქსივა”, რომ იქ “ცუდი ტიპი” და “ქურდების მტერი” იჯდა. არც ის დადგენილა, როგორ მოახერხეს მაკრატლის შეტანა კამერაში და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. თუმცა, ეს გურამმა ძალიან კარგად იცოდა და არც ამ ამბავს დატოვებდა “გაურკვეველს”. თუმცა, როგორც ვიცი მამამისის გამოსვლას ელოდებოდა. მანამდე კი ცდილობდა ოჯახი ფინანსურად უზრუნველყო. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ, ბუნებრივია ესეც იცოდნენ და ალბათ, დაასწრეს.
პოლიციას შორს წასვლა არ სჭირდება _ გამოიძიონ 2010 წელს მომხდარი დაჭრა. დაკითხონ ის პირები, ვინც მასში მონაწილეობდა _ ყველანი გარეთ არიან. ერთ-ერთი ოზურგეთელია. დაკითხონ ის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც გურამის ყველაზე ძლიერი მტერი იყო და რომელიც უკრაინიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ოზურგეთში. თუკი დაადგენენ, ვინ იყო 2010 წელს დამკვეთი, ამ ამბავსაც გახსნიან. მით უმეტეს, რომ ადამიანები, რომლებმაც გურამი ციხეში სასიკვდილოდ გაიმეტეს, კრიმინალური სამყარო წევრები არ არიან, რომ ამით რაღაც “ჩინი” მიეღოთ. უფრო მეტს გეტყვით _ ერთ-ერთი ჩვეულებრივი ტაქსისტია, _ გვიყვებოდა წყარო, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
კახა მეგრელიშვილი ის ადამიანია, რომელზეც ჩვენი რესპონდენტი საუბრობდა _ ის მიიჩნეოდა ფოცხიშვილის დაჭრის დამკვეთად 2010 წელს და სწორედ ის იმყოფებოდა ოზურგეთში მიმდინარე წლის ზაფხულში _ მაშინ, როცა გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი უმოწყალოდ ჩაცხრილეს.
როგორც გვითხრეს, მეგრელიშვილი წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ჩვენი ინფორმაციით, იგი ამჟამადაც იქ იმყოფება.
ამავე თემაზე იხილეთ: სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა იპოვა პოლიციამ დამწვარ მანქანასთან
ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა განიხილეს აფხაზეთში გამართულ “სხადნიაკზე”