ახალ წელს მოსახლეობა, შესაძლოა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდეს. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე მთავრობაში უკვე ალაპარაკდნენ.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს საზოგადოება კომუნალური გადასახადების შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, რის გასარკვევადაც თბილისის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევით მოქალაქეები გამოიკითხა.
დიმიტრი გაბაძის თქმით, გაძვირების შემთხვევაში, ხალხს გადახდა გაუჭირდება.
„კომუნალური გადასახადების ტარიფები ისედაც ძვირია. კიდევ უფრო გაძვირების შემთხვევაში კი ხალხს გადახდა გაუჭირდება“, _ ამბობს გაბაძე.
მსგავსი მოსაზრება აქვს კიდევ ერთ გამოკითხულს, ნინო წიკლაურს.
„შემოსავალი ნაკლებია და ხალხი როგორ გადაიხდის, არ ვიცი. ძალიან გაჭირდება გადახდა“, _ამბობს წიკლაური.
ლევან მაჭარაშვილის თქმით კი ხალხს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
„კომუნალური გადასახადების ტარიფის გაზრდის შესახებ რა უნდა ვიფიქრო. ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რომ გადაიხადოს“, _თქვა მაჭარაშვილმა.
ერთ-ერთი გამოკითხული, დალი კი ამბობს, რომ გადასახადები არ უნდა გაძვირდეს.
„ყველაფერი ძვირია. გადასახადები არ უნდა გაძვირდეს. სად აქვს ხალხს გადახდის საშუალება. ხალხი მშიერი დადის. წყალი მაინც არ უნდა იყოს ძვირი, ბოლო-ბოლო საქართველოშია“, _ ამბობს ის.
გურამ ფახურიძე თვლის, რომ გაძვირების შემთხვევაში, ხალხს სხვა გზა არ აქვს და გადაიხდის.
„კომუნალური გადასახადები არ უნდა გაძვირდეს, მაგრამ თუ გაძვირდება ბუნებრივია გადავიხდით, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“,_ამბობს ფახურიძე.
კიდევ ერთი გამოკითხული ლელა ტაბატაძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას ხალხის სურვილის მიხედვით არ მიიღებს.
„გაძვირდება თუ არ გაძვირდება, ამას ჩვენი სურვილის მიხედვით ხელისუფლება მაინც არ გადაწყვეტს. ბევრს გაუჭირდება გაძვირებული ტარიფის გადახდა, რადგან ზამთარია და გათბობის ჩართვაა აუცილებელი“, _ ამბობს ტაბატაძე.
ამავე თემაზე:
ახალ წელს მოსახლეობა კომუნალური გადასახადის გაზრდილი ტარიფით შეხვდება
“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის შესაძლოა, დენის ტარიფი გაიზარდოს