მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები გავლენ.
საქართველოში პირველად, პარამედიკოსთა მომზადება ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაიწყო. გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად
,,მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სასწრაფო ექიმების და ექთნების მიმართ, ისინი ურთულეს საქმეს ასრულებენ, ხშირად დაუფასებელს, სამწუხაროდ და სწორედ, ამ პროექტის მიზანია მათი ეს დატვირთვა განიმუხტოს და მიეცეთ საშუალება, უშუალოდ თავიანთი ფუნქცია შესარულონ. რაც შეეხება პარამედიკებს, პროექტის ამოცანა არის, ის რომ მიმართულად გადაუდებელ შეხვედრებზე გავიდნენ, ამისათვის სპეციალურად მომზადებული ბრიგადები, რომლებიც არ გავლენ სხვა ტიპის გამოძახებაზე“, _ განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა
პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება.