პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი თვეა, რაც ნადირობის სეზონი გაიხსნა. კარგი მონადირე ვარ და ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება ნანადირევი ცხოველის ტყავის გამოყვანა საშინაო პირობებში.
პატივისცემით,
მოყვარული მონადირე თემურ ლომჯარია, ოზურგეთი
ჩვენ ვეცადეთ, შევხმიანებოდით ძველ მონადირეებს. ასევე, გადავხედეთ ხალხურ მეთოდებს, რომელიც ამ საქმისთვის გამოიყენებოდა. გთავაზობთ უფრო საუკეთესოდ მიჩნეულ პასუხს, რომელიც პროფესიონალმა მონადირემ ენვერ კომახიძემ მოგვაწოდა:
მოამზადეთ ცხოველის ტყავი, რომელიც სითხეში ჩადებამდე აუცილებლად კარგად გამშრალი უნდა იყოს.
სითხე მოვამზადოთ ასე: ორმოცდაათი გრამი მარილი და ორი ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი გავხსნათ 12 ლიტრ წყალში. კარგად მოვურიოთ. ჩავდოთ მასში წინასწარ მომზადებული ტყავი და გავაჩეროთ, სანამ კარგად არ დარბილდება. შემდეგ ამოვიღოთ, გავასუფთავოთ და კიდევ ერთხელ კარგად გავფხიკოთ ისე, რომ ბასრი საგანი არ ვიხმაროთ. ტყავი ოდნავადაც არ უნდა გაისეროს. ასე მომზადებული მოვთრიმლოთ.
ტყავის მოსათრიმლავი ნაზავი ასე მზადდება: ერთი კილოგრამი ქატო, ერთი სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძლიერი ძმარი და ხუთასი გრამი კეფირი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. წავუსვათ ტყავს თანაბრად და თხლად. შემდეგ ფრთხილად დავახვიოთ ისე, რომ წასმული ზედაპირი გარეთ მოექცეს. ჩავდოთ პოლიეთილენის პარკში, კარგად შევკრათ და სამი-ოთხი დღეღამის განმავლობაში მოვათავსოთ 30 გრადუსი სითბოს ტემპერატურაზე. შემდეგ გავხსნათ პარკი, ამოვიღოთ ტყავი და თბილი წყლით კარგად გავრეცხოთ.
კიდევ ერთხელ გავფხიკოთ ბლაგვი დანით და ჩარჩოზე ისე დავაკრათ წვრილი ლურსმნებით, რომ ტყავის რომელიმე მხარე რაიმეს არ ეხებოდეს. გავაშროთ მზისგან დაცულ მშრალ ადგილზე, სადაც ჰაერი თავისუფლად მოძრაობს.
როცა კარგად გამოშრება, ტყავი მოხსენით ჩარჩოდან, დაიხმარეთ მეორე ადამიანი და ფრთხილად და კარგად დაჭიმეთ.