“მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ ვიყიდე ორი სკა და დავდგი ეზოში. თავიდან მეგონა, რომ წავიდოდა ფუტკარი, მოიტანდა თაფლს, ჩაასხამდა სკაში და ასე ადვილად მოგვარდებოდა ყველაფერი. თუმცა, მალე დავინახე, რომ ეს ასე არ არის და პირიქით, უდიდესი შრომა და ცოდნა სჭირდება ფუტკრის მოვლას იქამდე, სანამ ასე საოცარ თაფლს გაჩუქებს. თავდაპირველად დიდი იყო უნდობლობა, როგორც მეფუტკრე ქალისადმი, მაგრამ შევძელი მართლაც შეუძლებელი და ეს საქმე უკვე ბიზნესად ვაქციე”, _ ასე იწყებს ჩვენთან საუბარს მეფუტკრე, ოზურგეთელი ლალი ჩანქსელიანი, რომელსაც გარეგნულად ნაკლებად შეამჩნევთ, რომ უზარმაზარი შრომა უწევს და გეგონება, მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვით არის დაკავებული.
მეფუტკრეთა სამყაროში ბოლო ხანს დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ საქმეში ქალის წარმატების მიზეზი მისი, როგორც დედის, სულიერი სამყარო და გარეგნული მხარეცაა, რაც ძალიან ჰგავს ფუტკრისთვის აუცილებელ სამშვენის სამყაროს.
_ როცა აღმოვაჩინე, რომ ფუტკარი არის საოცარი მწერი, ბუნების ღვთიური ქმნილება, გადავწყვიტე, არა მარტო მემუშავა მასზე, არამედ მასთან დავმეგობრებულიყავი. რა თქმა უნდა, თავიდანვე იმაშიც დავრწმუნდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა, მეკეთებინა დიდი ბიზნესი და საქმეს შევუდექი. ვფიქრობდი, რომ რამდენიმე სახის ძვირფას პროდუქციას შევქმნიდი, რომელიც ეკონომიკურად წელში გამმართავდა, _ გვეუბნება დღეს უკვე ფუტკრის ენის მცოდნე ლალი ჩანქსელიანი.
რაც თავიდანვე პრობლემად ექცა, ეს იყო საქმის არცოდნა და მისი მიმართ დამოკიდებულება, რომ ის ქალია და ამ საქმეს ვერ შეძლებდა. უკან არ დაუხევია. პირიქით, ყოველდღიურ წარმატებაზე ფიქრობდა და ცდილობდა, ირგვლივ მყოფნი და პირველ რიგში, საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ სასწაულს შეძლებდა და წარმატებული დღეებიც ფუტკარივით მრავლად იქნებოდა.
_ იცით, როგორი აზრი ამეკვიატა? რაკი ისეთი დამოკიდებულება იყო, თითქოს, ქალი ვერ შეძლებდა ამ საქმეს, მე პირიქით, შემიპყრო თვითრწმენამ, რომ ეს ქალის საქმეა, რომელიც ფრთხილად, რუდუნებით, უდიდესი და დაკვირვებით უნდა აკეთოს. დაახლოებით ისე, როგორც ახალშობილს უვლის დედა, ვიდრე სრულწლოვანებამდე. აი, ეს არის ფუტკრისთვის აუცილებელი, რაც მე სწორედ იმიტომ გამომივიდა, რომ ქალი ვარ _ ასე მჯერა, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი და კმაყოფილებას და სიყვარულს გამოთქვამს იმ მეფუტკრეების მიმართ, ვინც ბევრის აზრს არ დაეთანხმა და მას, როგორც ქალ მეფუტკრეს, გვერდით დაუდგა.
კითხვაზე, თუ როგორ უყურებს დღევანდელი გადასახედიდან მეფუტკრე ქალის იმიჯს, ლალი ჩანქსელიანს ასეთი პასუხი აქვს:
_ გითხარით და ვიმეორებ, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის საქმეა, რომელიც ქალმა უნდა აკეთოს. სულ პირველად იყო დღეები, როცა მე სრული უნდობლობა მქონდა არა ერთი მეფუტკრისგან, რომ ამ საქმეს ვერ შევძლებდი და არ მიიჩნევდნენ საჭიროდ, ჩემთვის დრო დაეხარჯათ. ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობას შევუდექი. თვითგანათლებით ძალიან ბევრი მივიღე. პრაქტიკას შინ გავდიოდი, რასაც მოვლა ჰქვია. მოგვიანებით, როცა ეს ყველაფერი აისახა შედეგებზე, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩემ მიმართ. დღეს უკვე მეფუტკრე ქალის იმიჯი ჩემი ძლიერი მხარეა, ძლიერი ზურგი. ვიმეორებ, საქართველოში უნდა გაჩნდეს ბევრი მეფუტკრე ქალბატონი, ისინი სხვანაირად იზრუნებენ ამ ღვთიურ სასწაულზე და უფრო დიდი შედეგებიც მოვა.
_ თუ ცდილობთ, ქალები ჩააბათ ამ საქმეში?
_ რა თქმა უნდა, ქალების დაინტერესებას პირადი მაგალითით ვცდილობ. არა ერთი ქალბატონი ჩემი დახმარებით უკვე მეფუტკრე გახდა, გაუჩნდა საკუთარი შემოსავალი და მაგალითია სხვა ქალებისთვის. მე მათ ვუსურვებდი, რაც მთავარია, ჰქონდეთ რწმენა, რომ ყველაფერს შეძლებენ. თუ ადამიანი მუდმივად მუშაობ საკუთარ თავზე, ხარ მოტივირებული და თანამშრომლობ სხვებთან, აუცილებლად გამოგივა.
_ ქალბატონო ლალი, დღეს ყველა მეურნეს თავსატეხად ექცა საქართველოში საშიში მავნებლის, აზიური ფაროსანას გამოჩენა. ახლა, როცა დარგი აღმავლობის გზას დაადგა, არის თუ არა ეს ფუტკრისთვის უდიდესი საფრთხე?
_ პირველ რიგში გეტყვით, რომ მეფუტკრეობას საქართველოში უდიდესი პოტენციალი აქვს. თუმცა, ახლავს მთელი რიგი პრობლემები, რომელთა გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ დარგისთვის.
ნომერ პირველი ამოცანაა მეფუტკრეობაში ცოდნის ამაღლება. ერთი წამით არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ ამ მხრივ ყველაფერი ვიცით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პირველადი მეურნეობებიდან გადამამუშავებელ მეურნეობებზე გადასვლა, საკვები ბაზების შექმნა, ისეთი ლაბორატორიის გაკეთება, რომელიც საშუალებას მისცემს მეფუტკრეს, მოიპოვოს სერთიფიკატი თაფლის ექსპორტზე გასატანად.
რაც შეეხება ფაროსანას, ეს არის უდიდესი საფრთხე, რაც დამღუპველად ემუქრება ყოველივე იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. აუცილებელია სახელმწიფოსგან სწორად შემუშავებული სტრატეგია. თითოეული მეურნე უნდა იბრძოდეს საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სტრატეგია სახელმწიფომ უნდა დასახოს. მე ვფიქრობ, შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, ფუტკრის გაყვანა მომიწევს. ჯერ კიდევ კარგად არავინ იცის, როგორი ძალით შემოგვიტევს ფაროსანა მომავალ გაზაფხულზე. შეწამვლითი სამუშაოების დაწყებისას, ფუტკარს დიდი საფრთხე ემუქრება. ამიტომ, ამ დროს უდიდესი ყურადღებაა საჭირო თითოეული სკის, თითოეული მწერის გადასარჩენად. ნიუანსებზე აღარ ვისაუბრებ, ეს შორს წაგვიყვანს.
საერთოდ, მეფუტკრეობა არის დარგი, რომელიც განვითარების და გაფართოების უდიდეს შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვქმნი არა ერთ პროდუქტს, ნამდვილად ვგეგმავ გაფართოებას აპითერაპიის მხრივ. ეს არის მედიცინის ახალი მიმართულება, რომელიც ეყრდნობა მეფუტკრეობის პროდუქტებით მკურნალობას. მაგალითად, ფუტკრის კბენა _ ის ერთჯერადი შპრიცის მსგავსად გამოიყენება. ფუტკრის შხამი კბენის ადგილზე იწვევს მწვავე ტკივილს, ორგანიზმი იღვიძებს, სწრაფად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება ადამიანის შინაგანი ჰორმონები.
ზოგადად ფუტკარი ხომ ღვთის საჩუქარია, საოცრება. მეფუტკრეობის პროდუქტებს შესწევთ უნარი, ორგანიზმში გამოაღვიძონ ძალა, რომელიც სიცოხლისუნარიანობას გაახანგრძლივებს. მრავალი დაავადება არსებობს, რომლის განკურნება შეუძლებელია კლასიკური მედიცინით, მაგრამ ამ დროს საოცრად შედეგიანია მეფუტკრეობის პროდუქტები. ზოგადად, ფუტკრის შხამი არის იშვიათი ბუნებრივი წამალი. ორგანიზმში მისი შეშვებით ფუნქციას აღიდგენს დაავადებული ორგანო, ოღონდ ამ საქმეს მაღალი კლასის პროფესიონალი სჭირდება _ ექიმი, რომელიც პროფესიულად მაღალ დონეზე დგას. მოკლედ, ჩემი სამომავლო მიზანი არის აპითერაპიის განვითარებაზე ზრუნვა და ძალიან მჯერა, რომ ამ მიზანს ავიხდენ, _ იმედიანად გვემშვიდობება ქალბატონი ლალი.