27 დეკემბრის ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი 2018 წლის ბიუჯტის დამტკიცება იყო, რომელიც განსახილველად მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა.
ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8 712 600 ლარითაა განსაზღვრული; ბიუჯეტის გადასახადები – მილიონ 350 ათასი ლარით, გრანტები-6458600 ლარით; სხვა შემოსავლები _ 904000 ლარით; ხარჯვითი ნაწილი _ 8588600 ლარით; არაფინანსური აქტივების ცვლილება _11 9000 ლარით, აქედან არაფინანსური აქტივების ზრდა 164 000 ლარის ოდენობით, კლება კი _ 45 000 ლარით.
წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში თუ 2017 წელს ხარჯისთვის 8 024 568 ლარი იყო გამოყოფილი, წელს ეს თანხა 8 588 600 ლარს შეადგენს. შემცირებული აქვს დაფინანსება ა(ა)იპ „ტექ-სერვისს“, რომელსაც 2017 წელთან შედარებით ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა 77 100 ლარით შეუმცირდა და 300 ათას შეადგენს. დაფინანსება მოაკლდა, ასევე, ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის ცენტრს. თუ 2017 წლის ბიუჯეტში სამსახურის ხარჯები 349 534 ლარზე იყო გაწერილი, ამჯერად იგი 135 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
სამაგიეროდ, თუ წინა წელს ა(ა)იპ ლანჩხუთი-სერვისის დაფინანსება 535 000 ლარს შეადგენდა, 2018 წელს 741 500 ლარამდეა გაზრდილი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, ორი მილიონ 200 ათასამდეა გაზრდილი სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დაფინანსებაც. მცირედით გაზრდილ თანხებს მიიღებენ სპორტული ცენტრი (365 000 ლარი) და გოგონათა სარაგბო-საფეხბურთო სკოლა (70 ათასი ლარი).
2018 წელს უცვლელი რჩება კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა (910 ათასი ლარი) და საფეხბურთო სკოლის დაფინანსება (160 ათასი ლარი). ახალ საბიუჯეტო წელს, ნაცვლად 124 ათასი ლარისა, 125 ათას ლარს მიიღებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. სარეაბილიტაციო ცენტრ „იავნანას“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელსაც 10 ათას ლარს გამოუყოფს. უფასო სასადილოსთვის ბიუჯეტი 110 ათასი ლარის დახრაჯვას ითვალისწინებს.
ლაშხიას მიერ წარმოდგენილ საკითხს უმრავლესობამ სრული ნდობა გამოუცხადა, ყოველგვარი შენიშვნის გარეშე, ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, შენიშვნები არ დაიშურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას აზრით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მისი პარტია წარმოდგენილ დოკუმენტს, თუნდაც, იმიტომ ვერ დაუჭერს მხარს, რომ მასში არ არის გათვალისწინებული თანხა სოფლის პროგრამებისთვის.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ამირან გიგინეიშვილისთვის გაურკვეველი რჩება, რატომ არ დევს ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის. თუმცა, როგორც საკითხის მომხსენებელმა აღნიშნა, საამისოდ ზომები ცენტრალურმა მთავრობამ უნდა მიიღოს.
საბოლოოდ, ლანჩხუთის საკრებულომ წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.