არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის მშობლიურ სახლშია დასვენებული. სასულიერო პირებმა გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე გადაიხადეს. წილკანში მყოფი ჟურნალისტები, და ის ადამიანები, რომლებმაც ცხედარი ნახეს, მასზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობენ.
“მძიმე წუთები იყო, როცა დედას მიეცა საშუალება ცხედარს მიახლოებოდა. პირველი რეაქცია იყო შეცხადება იმის გამო, რომ შვილის ცხედარი იყო დამახინჯებული, ეს მოხდა წამების კვალზე, სანამ მას მოკლავდნენ, მას აწამებდნენ. არჩილ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები,”-ამბობს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.
ოკუპირებული რეჟიმის მსხვერპლ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდის სასაფლაოზე დაკრძალავენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტატუნაშვილს ჯერ წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, ხოლო შემდეგ ქანდის იმ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც 2008 წლის შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის გამოიყო.
„დაკრძალვა შაბათს იქნება. ჯერ გადავასვენებთ წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქიდან დაკრძალავენ ქანდის სასაფლაოზე, რომელიც გამოყოფილია 2008 წლის შემდეგ დევნილთათვის და იკრძალება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დევნილიბაში ცხოვრობს“, – განაცხადა თინიკაშვილმა.
რაც შეეხება ცხედრის მდგომარეობას, ახალგორის გამგებლის თქმით, ექსპერტიზის შედეგები დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა როგორც თინიკაშვილი აცხადებს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დაზიანებები სახესა და ხელზე აღენიშნება.
„უახლოეს ორ კვირაში გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, კვალიფიციური და ერთად გავეცნობით, თუმცა სახეზე და ხელებზე აშკარაა ძალადობის ნიშნები“, – განაცხადა თინიკაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს სამხარაულის ექსპერტების გარდა, ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.