„საქართველო _ ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“,_ ასე ჰქვია იტალიელი მწერლის ფრანჩესკო ტრეჩის, საქართველოს შესახებ დაწერილ რიგით მეორე წიგნს.
მას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დიდი სიყვარული აკავშირებს.
რატომ დაარქვა წიგნს ეს სახელი, როდის შედგება საქართველოში წიგნის პრეზენტაცია და რა ენატრება საქართველოში, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ იტალიელს _ამ საკითხებზე „გურია ნიუსთან“ ფრანჩესკო ტრეჩი ექსკლუზიურად საუბრობს.
_ „საქართველო_ქვეყანა რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“, _ ასე ჰქვია თქვენს ახალ წიგნს, რომელიც საქართველოს შესახებ დაწერეთ. რატომ გადაწყვიტეთ ასე დასათაურება?
_ გადავწყვიტე, რადგან ყოველთვის მხიბლავდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ღმერთმა ქართველებს მიწა უბოძა. საქართველოს გააჩნია მრავალფეროვანი ლანდშაფტი და კლიმატი: ძალიან მაღალი მთები, ზღვა, ტყეები, გორაკები, მრავალი ისტორიული ქალაქები, შთამბეჭდავი ტაძრები (ალავერდი, ნინოწმინდა, საფარა, შუამთა) უძველესი ისტორია, ენა და უნიკალური ანბანი მსოფლიოში. ეს ნამდვილად ღვთის მიწაა!
_ რაზეა წიგნში ყურადღება გამახვილებული?
_ ამ წიგნის ამბიციური მიზანია საქართველო იტალიელებისთვის ცნობილი გახადოს. შევეცადე აღმეწერა ქვეყნის ყველა კუთხე, თუნდაც, 50 ფოტოსურათით. გმირები, რომლებმაც შექმნეს ისტორია, მხატვრები, ტრადიციები, ადგილები, რამაც ეს ბრწყინვალე ერი შექმნა. ასევე ვცადე გადმომეცა ის ემოციები, რაც საქართველოში 5- ჯერ ჩასვლის შედეგად ვიგრძენი. ხალხი, რომლებსაც შევხვდი და ცვლილებები, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ განიცადა. საქართველო ღიაა მსოფლიოსთვის და ეს იტალიელებმა უნდა იცოდნენ და ეწვიონ მას.
_როდის აპირებთ საქართველოში წიგნის პრეზენტაციას?
_ წიგნის პრეზენტაცია უკვე ჩავატარე მილანში, რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, მანტუაში. იტალიაში კიდევ 12 პრეზენტაცია მაქვს დაგეგმილი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი ადამიანი მიკავშირდება. მოდიან პრეზენტაციაზე და შემდეგ საქართველოში მიემგზავრებიან. ბევრ იტალიელს უკვე შევურჩიე მარშრუტი, რას უნდა ეწვიოს საქართველოში. რაც შეეხება წიგნის პრეზენტაციას, მომავალი წლის ზაფხულში, ივნისში ან ივლისში ვაპირებ.
_რა გენატრებათ საქართველოში?
_ ყველაფერი მენატრება. 20 წლის წინ აღმოვაჩინე საქართველო ერთ-ერთ ჟურნალში და მას შემდეგ ამ ქვეყანაზე შეყვარებული ვარ. ყოველთვის მაოცებდა ანტიკური ენა, ანბანი, ადამიანების სტუმართმოყვარეობა და ტრადიციები, რომლებმაც ქვეყანაში ბევრ დამპყრობელს გაუძლო და დღემდე ცოცხალია. საქართველოზე ყოველდღე ვფიქრობ.
_ რომელია საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდი თქვენთვის?
_ისტორიული პერიოდი, რაც ძალიან მხიბლავს „ოქროს ხანაა“, როდესაც ქვეყანა იტალიაზე 2 საუკუნით ადრე, რენესანსის ეპოქაში ცხოვრობდა და ძალიან მაღალ კულტურულ დონეს მიაღწია. კიდევ ერთი პერიოდი არის 1918 წელი: საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის შთამბეჭდავი ექსპერიმენტი, იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთში (იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, ესპანეთი, გერმანია) დემოკრატია რეპრესირებული იყო ფაშიზმისგან.