პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრმაც მიმართა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება.
„ჩვენი ხელისუფლებისათვის საზოგადოების ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაწილის ინტერესები მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგისთვის მზად ვართ. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავ.
თითოეული მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესია და ბუნებრივია, ხელისუფლება ამის შესაბამისად იმოქმედებს. იმედი გვაქვს, პირველ რიგში თავად დაპირისპირებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება.
მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა, რათა აზრთა სხვადასხვაობამ შედეგზე ორიენტირებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმა მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ყველა ჯგუფს“,-ნათქვამია მინისტრის განცხადებაში”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.