საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ერქვანია მოზარდებში გახშირებულ ძალადობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთადერთი ქმედითუნარიანი გზა საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პროცესში სასულიერო პირების ჩართვაა. ამასთან, როგორც ერქვანია აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები მსგავსი ტიპის პრობლემებს ვერ გადაჭრის.
,,სამწუხაროდ, ბოლო დროს ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ გვიწევს დაფიქრება და გაანალიზება თუ რატომ არის ჩვენი საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდები ასეთი აგრესიული და მოძალადეები. რატომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, რატომ არ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, რატომ ვიმეტებთ ერთმანეთს სიკვდილისათვის, რატომ გახდა ჩვენთვის უცხო მიმტევებლობა, რატომ დავკარგეთ შენდობის უნარი, რატომ აღარ შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება და გასაჭირში მყოფთათვის თანადგომა. ამ ყველაფრის მიზეზია ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ის გარემო, სადაც იზრდებიან ჩვენი შვილები, ამპარტავნობამ, შურმა და ცილისწამებამ შეიპყრო ჩვენი საზოგადოება. დღეს ქვეყანაში ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და ამას წარმოაჩენენ ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად. მიმდინარეობს ყალბი თავისუფლებისა და ფასეულობების პროპაგანდა. ახალგაზრდებს თავს ახვევენ გარყვნილ და უზნეო ცხოვრების წესს. სატელევიზიო სივრცე სავსეა ძალადობრივი ფილმებითა და სიუჟეტებით. მშობლები ვეღარ იცლიან შვილებისთვის, ისინი აღარ ურთიერთობენ ბავშვებთან. ქვეყანაში მოშლილია უმცროს-უფროსის პატივისცემა, გახშირებულია ოჯახში ძალადობა და განქორწინება, რაც პირდაპირ უბიძგებს მოზარდ თაობას ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობასა და შეუწყნარებლობისკენ, ამ პრობლემას ვერც წარმოდგენილი კანონპროექტით და ვერც სხვა კანონების გამკაცრებით ვერ გადავჭრით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის, რომ ბავშვებს სკოლიდანვე ვასწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. სასულიერო პირებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ბავშვთა აღმზრდელობით და საგანმანათლებლო საქმიანობაში, რადგან არც მანდატურებს და არც ფსიქოლოგებს არ ძალუძთ აგრესიისგან დაცვა, ეს მხოლოდ ეკლესიას ხელეწიფება“,_განაცხადა ერქვანიამ.

































































