ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ,,რუსთავი 2“-თან მიმართებით საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ზოიძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა, მისი თქმით, ,,რუსთავი 2“-ის ეთერში სხვა ადამიანთა რელიგიური გრძნობები შეილახა, რაც დეპუტატის განცხადებით, მიუღებელია.
,,ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ბუნებრივია, ყველას, მათ შორის, საპატრიარქოს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. არ მივესალმები საჯარო სივრცეში სხვა ადამიანთა რელიგიურ გრძნობების შელახვას თუ სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატია, არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, აღნიშნული მართებულად არ მიმაჩნია. ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა, დღეს საპატრიარქოს ხალხისთვის ძალადობისკენ რომ მოეწოდებინა. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი და მხარდამჭერებს მოუწოდოს ნებისმიერი ქმედებისკენ ძალადობის გარდა“, _ გვითხრა ზოიძემ.