მმართველი გუნდის წევრი ზაზა პაპუაშვილი ტელეკომპანია ,,რუსთავი2“-თან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განადგურების მიზნით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არიან ამოფარებულნი. პაპუაშვილი ყველა ანტისახელმწიფოებივ ქმედებაზე პასუხისმგებლობას, სწორედ, ასეთ ხალხს აკისრებს.
,,დღეს ისეთი დრო დაგვიდგა, რომ ნებისმიერი ჩვენი ნაკლოვანება, ჩვენი ავადმყოფური მისწრაფება, ჩვენი გაუზრდელობა, ჩვენი მოუთმენლობა, ჩვენი განუკითხაობა, ჩვენი გაუნათლებლობა და უმადურობა შესაძლებელია, სიტყვისა და ქცევის თავისუფლებას ამოვაფაროთ. ამ უბედური, უდღეო, უპატრონო, საცოდავი გაბუნიასა და გვარამიას ქცევა სცილდება ყოველგვარ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და ეთიკის ნორმას. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც მიზნად დაისახეს ამოგლიჯონ იმ ქვეყნის ფესვები, სადაც დაიბადნენ. გასაოცარია, ცხოვრობდე იმ ქვეყანაში, რომელიც არ გიყვარს. მათ არ უყვართ ქვეყნის მოსახლეობა, არ უყვართ ქვეყნის ისტორია, ტრადიცია და ფასეულობები. თავიანი არასწორი აზრებით უნდათ, ქვეყანას იმიჯი შეუცვალონ, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან. ყველა უბედურობაზე პასუხისმგებლობა ამ ხალხს ეკისრება, ეს არის ბრძოლა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ არ უნდა მივაქციო ყურადღება და გვერდი უნდა აუარო, მაგრამ არ გამოდის. ვინც არ უნდა იყო, ლგბტ თემის წარმომადგენელი, მიშისტი, მორფინისტი, თუ ცხოვრობ ამ ქვეყანაში, შენი ვალდებულებაა, დაიცვა დროშა, გერბი, ჰიმნი, ისტორია და ფასეულობა თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებ. მაშინ, როცა სააკაშვილის დროს ახალგაზრდა ბიჭებს და გოგოებს კლავდნენ ქუჩაში და ციხეში, ამ ხალხის ხმა არავის გაუგონია. სახელმწიფოში ცხოვრობენ, ხელისუფლებას აგინებენ და თან ჯანდაცვას, ხელფასების მომატებასა და ნარკოტიკებსაც კი ითხოვენ, ასე ქვეყანა ვერ იცხოვრებს. ისინი არიან ავტორები ამ დაძაბულობის“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი საპატრიარქოს განცხადებას საგანგაშოს უწოდებს და დასძენს, რომ ანტისახელმწიფოებრივმა დარტყმებმა, შესაძლოა, საზოგადოებაში უმართავი ხასიათის დაპირისპირება გამოიწვიოს.
,,საპატრიარქო, მღვდელმთავრები და ჩვენი პატრიარქი სიყვარულის, მოთმენის შერიგებისა და თავზე ხელის გადასმის მეტს არაფერს აკეთებს. საპატრიარქოს განცხადება არის ერთგვარად საგანგაშო განცხადება, იმის გამო, რომ მოთმინების ფიალა ივსება. ამ ე.წ. ბრჭყალებში ჩასმულმა თავისუფლებას ამოფარებულმა ვერაგმა სახელმწიფოს საწინააღმდეგო დარტყმებმა, შესაძლოა, უფრო მეტი ესკალაცია გამოიწვიოს, რომელიც შესაძლებელია, უმართავი გახდეს“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.