თბილისის მერია დედაქალაქში ქუჩების რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა და საზოგადოებას სამუშაოებით გამოწვეული შეფერხებებისთვის ბოდიში მოუხადა.
„დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია. შეიძლება ითქვას, რომ ათეული წლებია არ გახორციელებულა არანაირი სამუშაოები ამ ლოკაციაზე. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურების მოწყობა, ასევე მთლიანად შეიცვლება განათების ქსელი, ბოძები, განათების სისტემა, 15 000 კვ,მ.-ის ასფალტის საფარი შეიცვლება. დაახლოებით 3 233 000 ლარი დაიხარჯება ამ პროექტის გახორციელებაზე.
ეს პერიოდი მიზანმიმართულად იქნა არჩეული რადგან ხალხი ქალაქიდან გადის, შედარებით ნაკლებია მოძრაობა, თუმცა, მინდა მძღოლებს და საზოგადოებას მოძრაობაზე დაწესებული გარკვეული შეფერხებების გამო ბოდიში მოვუხადო“,_განაცხადა კალაძემ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ცნობით, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით.
ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.
დედაქალაქის მერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით კი, უახლოეს დღეებში კაპიტალური სამუშაოები შემდეგ ქუჩებზე დაიწყება:
რობაქიძის გამზირი_ დიდუბის ხიდიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე,
თბილისი-ნაფეტვრების გზა,
ჩიქოვანის, შავი ზღვის, კოსტავა-შარტავას, ფალიაშვილის ქუჩები,
გარდა ამისა, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლები, მომავალ წელს კი მერი ცენტრალური მაგისტრალის მთლიანად გაკეთებას გეგმავს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ამ მასშტაბის სამუშაოები დედაქალაქში ერთდროულად არასდროს არ ჩატარებულა.