ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ისე გარიცხა, რომ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდნენ.
როდესაც ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობდნენ ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები, მათ განგვიცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
„თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია, ვერ გავაკეთებ კომენტარს“, _გვითხრა რევაზ არველაძემ.
,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომლისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ჭიჭინაძის გუნდიდან გარიცხვა ზაზა პაპუაშვილია.
,,ინფორმაციას წავიკითხავ, გავერკვევი და არ დავიმალები“, _გვითხრა პაპუაშვილმა.
მმართველ გუნდში დავით ჭიჭინაძე ყველაზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. ,,ქართულ ოცნებაში“ დავით ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა.
ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება _,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან უშვებს.
,,პაარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”, _აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.