ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში, 18 ივლისის საღამოს პოეტ ტარიელ ხერხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა. ღია სცენიდან პოეტთან ერთად ლექსებს მასპინძლებიც კითხულობდნენ.
„ჩვენს ქალაქს სასიქადულო პოეტი და მამულიშვილი სტუმრობდა, დღეს ქართული სიტყვის, ქართული სულის ზეიმი“, _ ასე გამოეხმაურა პოეტის ლანჩხუთში სტუმრობას საღამოს ერთ-ერთი მონაწილე ვლადიმერ ჩხაიძე.
საღამოს დასასრულს სტუმარმა ლანჩხუთლებს მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისთვის.
„ძალიან დიდი მადლობა ლანჩხუთს, ლანჩხუთელებს, ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, ასეთი სიყვარულისთვის. განსაკუთრებით გამახარეს პატარებმა. სხვა რა დანიშნულება აქვს პოეტს, თუ არა ის, რომ მისმა ლექსმა ყველას გულამდე მიაღწიოს. მადლობა ამ საოცარ თაობას, ასეთი სიხარული რომ მომანიჭა“, _ თქვა პოეტმა.
პოეტი ტარიელ ხერხელაური ლანჩხუთში სამხატვრო სკოლის პედაგოგის, ხათუნა ვაშალომიძის მოწვევით იმყოფებოდა.