აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში მრავალი სამუშაოა ჩასატარებელი. მათგან არა ერთი პირველ რიგში გასაკეთებელი საქმე.
საჭიროების მიხედვით, ამინდზე დაკვირვების თანახმად, ვენახზე სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ბორდოს ერთპროცენტიანი ხსნარის შესხურება, ასევე, გოგირდის შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნდა უძღოდეს ზედმეტი ყლორტების შეცლა, რაც ითვალისწინებს შტამბზე ამონაყრების მოცილებას (გარდა იმ ამონაყრისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გადასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაცლელად).
ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა. მტევნის ზემოთ ათი ფოთლის ან ათი მუხლის დატოვება და წვერის წაცლა. ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.
რაც შეეხება ბოსტნეული კულტურების დათესვას, გურული მეურნეებისთვის ცნობილია უპირველესი სამუშაოები, თუმცა, შეგახსენებთ, რომ მრავალშვილა ხახვის, ე.წ. სოხვის დათესვა თვის პირველ ნახევარში უმჯობესია. ასევე, მოზრდილ კვალზე დათესეთ ოხრახუში, რომელიც ყველაზე კარგად გამოგადგებათ ზამთრის პერიოდში. ოხრახუში, სექტემბერ-ოქტომბერშიც კარგად ამოდის და ვეგეტაციას ასწრებს, თუმცა, აგვისტოში დათესილი კარგად ძლიერდება და ზამთრის პერიოდში საუკეთესო მოსახმარია.
ნიორი აგვისტოს ბოლომდე უნდა დაითესოს, ქინძი კი თვის დასაწყისში.
ვარდის საუკეთესო ჯიშების მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ აგვისტო საუკეთესო და უტყუარი დროა ვარდის დასამყნობად.
რაც შეეხება სარეველების გამოთოხნას და მოცელვას, აგვისტოს ბოლოს განადგურებული სარეველები თესლის მომწიფებას ვერ ასწრებენ და გამრავლების შანსიც ნაკლებია.
თუ აგვისტოში ხშირი წვიმები იქნება, ამ დროს, ბოსტნეულ კულტურებზე უხვად ჩანს ჟანგა ავადმყოფობები. უმთავრესად, დაზიანებულია ბოსტნეულის, განსაკუთრებით პარკოსნების ნაყოფი თუ ფოთლები. ძლიერ დაზიანებული ფოთლები შევაცალოთ, ხოლო დანარჩენი ბორდოს ხსნარით ან ხალხური საშუალებებით შევწამლოთ.
გავითვალისწინოთ, რომ აგროტექნიკური ღონისძიებებიდან, აგვისტოში კარგია შედარებით ღრმად ჩათესვა, ვინაიდან აგრარულ კულტურას ამოსვლა არ უჭირს, ხოლო ამ დროს მომწიფებული სარეველების თესლები, რომელიც უხვად არის მობნეული, სიღრმეში მოხვედრისას გაღვივებას ვერ ახერხებს და იღუპება.
აგვისტოში მიზანშეწონილია, ასევე, მექანიკურ-ჰიგიენური ღონისძიებები, კერძოდ, დაავადებული კერის მოთიბვა და მერე დაწვა.