ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში სამიოდე წლის წინ დაბრუნდა და მშობლების სახლთან ახლოს დაფუძნდა.
_ ადრეულ ასაკში დავქორწინდი. ყველაფერი კარგად აეწყო და ახალგაზრდა, თუმცა, უკვე ბებია ვარ.
თბილისიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნება, არა ერთი ადამიანის მსგავსად, მეც მომინდა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს _ ბევრი დგამს ასეთ ნაბიჯს, თუმცა, ზოგს მაინც უკვირს, თბილისში კომფორტულ ცხოვრებას რატომ ვარჩიე სოფელში დაბრუნება. უდიდესმა სიყვარულმა ამამოძრავა, რომელიც სულ იყო ჩემში, მუდამ აქეთ მიხმობდა რაღაც შინაგანი, დედასთან ახლოს მექაჩებოდა იდუმალი ძალა. მოსვლისთანავე საქმეს შევუდექი.
იქნებ გაგიკვირდეთ, ეზო-გარემოს საგანგებოდ მოწყობა-გალამაზებაზე ვფიქრობ, თუმცა, სხვა ვერაფერი მომანიჭებს შინაგან იმპულსს. აი, ჩაის აღორძინებაში მონაწილეობის მიღებაზე კი ნამდვილად სერიოზულად ვფიქრობ _ ყვავილებში ნაპოვნი ენერგია, უსათუოდ ჩაის რეაბილიტაციაში დამეხმარება, _ გვეუბნება ჩვენი მასპინძელი, ეგზოტიკური ჯიშის ვარდ-ყვავილებითა თუ მარადმწვანე ბუჩქოვნებით კარმიდამოს მომრთველ-მომკაზმველი ქალბატონი. ამბობს, რომ ჯერ მთავარი წინაა, ბევრის გაკეთებას აპირებს და გვპირდება, რომ საკვირველ კარმიდამოს არა მარტო თავისთვის მოიწყობს, არამედ ეცდება, ეს განწყობა სოფელში მცხოვრებ ყველა ქალბატონს გადასდოს.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მეუღლისგან მოცემული ფული მოაგროვა და ისე, რომ მისთვისაც გადაწყვეტილების შესახებ არ უთქვამს, მშობლიურ სოფელში სახლი და ერთ ჰექტრამდე მიწის ფართობი შეიძინა. გააშენა თხილის პლანტაცია, ცალკე იყიდა გაველურებული ჩაის ფართობი, სადაც სასწრაფოდ მოახდინა მძიმე გასხვლა და საქმეს შეუდგა.
ამბობს, რომ მეუღლეს სიურპრიზი გაუკეთა და ამით ძალიან გაახარა:
_ ზოგს სოფელში დაბრუნებას ასაკი და ნოსტალგია ანდომებს, თუმცა, მე ახალგაზრდობიდანვე აქეთ მომიწევდა გული და სულ მინდოდა, სადმე, დედასთან ახლოს ვყოფილიყავი”.
ქალბატონ ფატის ახლად შეძენილი კარმიდამო, მიუხედავად იმისა, რომ მზრუნველი ხელი მისი მოსვლის შემდეგ დაეტყო, უკვე ბაღნარად არის ქცეული. აქ ბევრია ეგზოტიკური ყვავილები და ბუჩქოვნები, თუმცა, მინდვრის ფერადი ყვავილებიც არ აკლია გარემოს.
_ შრომა და ყვავილები დედამ შემაყვარა. კი არ უთქვამს, მაინც და მაინც ყვავილებზე გაგიჟდიო, უბრალოდ, რასაც აკეთებდა, ვხედავდი და უთქმელად, თავისთავად ჩნდებოდა ჩემში მიწის, ყვავილების და ზოგადად შრომის სიყვარული, _ გვეუბნება ქალბატონი ფატი და სახლის შესასვლელთან ჩამწკრივებული ყვავილებიდან, გარდენიას განსაკუთრებით ეფერება, განწყობის და სტიმულის ელექსირად მიაჩნია.
“გარდენიას ზღვა ენერგია მოაქვს”
_ “მსუქანას” ანუ ფულის ხეს საგანგებო ადგილს და სივრცეს ვუთმობ. ეს შეიძლება სისუსტეა, მაგრამ რატომღაც თვითრწმენა მაქვს ამ მცენარის მიმართ. ფულზე არ ვგიჟდები, მაგრამ იმდენად აუცილებელია, სწორედ ეს აუცილებლობის შეგრძნება გადმოდის, მგონია, ამ მცენარისგან. იდუმალი ძალაა თვითრწმენა, რომელიც შთამაგონებს, ვიმოქმედო. რაც უფრო მეტი საოცარი მცენარე და ყვავილია ჩემ ირგვლივ, მით მეტად მემატება ძალა, ენერგია, განწყობა. ყველა არ არის ასე _ ჩემთვის უთქვამთ, მომწონს, ასე რომ ამშვენიერებ გარემოს, მაგრამ მე არ შემიძლია ეს ვაკეთოო. მე პირიქით, ეს რომ არ ვაკეთო, არც განწყობა მექნება და ძალაც გამომეცლება ნებისმიერი საქმის საკეთებლად.
“ფულის ხეს” სახლში საკუთარი ადგილი აქვს
ეზოს რელიეფი ეხმარება ესთეტ ქალბატონს, გარემოს საკუთარი ფანტაზია და გემოვნებით ნაკარნახევი ელფერი დაატყოს. მართალია, სამეურნეო საქმიანობას და მებაღეობას ერთად ეწევა, მაგრამ ხეხილოვნების თუ ყვავილოვანთა ბაღების ძალზე დაშორიშორება არ უცდია.
ჭიშკარში შესვლისთანავე კივის ხეივანი მარცხენა სერს ეკვრის. მარჯვნივ ყვავილები, მერე კი ატმების ჩერო და თხილის პლანტაციაა. სახლის შემოგარენში კიტრის და სხვა ბოსტნეულის პატარ-პატარა კორომებია. სხვადასხვა ჯიშის ვარდების, კაქტუსოვნების, მარადმწვანე ბუჩქების გეგმაზომიერი განლაგება, ქალბატონის დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. დეკორატიული ხაზი ჭასთან ახლოს უფრო იგრძნობა _ სასმელი წყლის სიახლოვეს და სახლის კარიბჭესთან სილამაზის ელფერი უნდა ჭარბობდესო, _ ამბობს. გარდენიების და კავკასიური ჭანჭყატის მარადმწვანე ბუჩქები რიკულებიან აივანთან თითქოს ამიტომაც ჩამწკრივებულან საპატიო ყარაულში.
რაც შეეხება ოთახის ყვავილების განლაგებას, ქალბატონ ფატის ამ მხრივაც საკუთარი ხედვა აქვს _ კიბეებზე დიდი და საგანგებო სილამაზის ყვავილები ლამაზ ქოთნებშია განთავსებული _ სტუმარს მასპინძლის პოზაში უნდა დახვდეს და წასვლის დროსაც გააცილოსო.
შვილებსა და შვილიშვილებს მშობლიურის სიყვარულს შთააგონებს, სურვილი აქვს, მთელ სოფელს გადასდოს საკუთარი განწყობა _ ულამაზესი ბუნების, ყვავილების, მზის და ცის საკუთარი ნაწილის არსებობის სჯერა და სამაგიეროდ სამყაროს ამ ჟესტით ეფერება.
_ მახსოვს ჩაის პლანტაციებით დასერილი ჩემი სოფელი. მაღლობზე ვცხოვრობთ, ამიტომ, შეიძლება ძალზე ლამაზად ჩანდა და ჩაის კრეფის სიმძიმე ვერ წარმომედგინა, რასაც ხშირად უჩიოდნენ აქაურები. თუმცა, ხალხს არ უჭირდა ოჯახის შენახვა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მართალია, მაშინდელი მეჩაიე ქალი ოჯახის რჩენაში დიდ როლს ასრულებდა, მაგრამ უსაზღვროდ დაღლილი იყო. მე მინდა დღეს ჩაის აღორძინებაში მივიღო მონაწილეობა, თუმცა, მაინტერესებს მუშაობის სხვა რეჟიმი და ჩაის სხვა ხარისხი. რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით ბევრად გაუმჯობესებული და რაც მთავარია, ღირსეული ანაზღაურებით დამთავრებული, _ ამბობს ქალბატონი ფატი.
რაც შეეხება ბიზნესის წარმართვას რომელიმე მიმართულებით, ფატი გრიგალაშვილი ამბობს, რომ ყვავილების მრავალფეროვანი სამყარო აქ მხოლოდ განწყობისა და სტიმულისთვის იქმნება და ბიზნესზე ფიქრს არ ექვემდებარება:
_ ამ ყვავილებს, რაც უნდა ბევრი მქონდეს, გასაყიდად რომ შევეხო, ჩემი სულის ნაწილსაც წაიღებს. აქ მუდამ უნდა მივუმატო რაღაც ახალი და ზღაპრული გარემო შევქმნა, სიცოცხლის გამხანგრძლივებელი. აი, ჩაის რეაბილიტაციაში კი მინდა ჩემი წვლილი შევიტანო. მინდა, თანამედროვე მეჩაიე ქალის სახე შეიქმნას, ღირსეული ანაზღაურებით და შრომის პირობებით კმაყოფილი. უნდა გამომივიდეს, _ გვეუბნება ღიმილიანი ქალბატონი.
ფატი გრიგალაშვილი საუკეთესო კულინარიცაა და ამ ეტაპზე საკუთარ ეზოში დაკრეფილი ატმისა და სხვა ხილეულის მურაბების გაკეთებითაა დაკავებული. მან შემოგვთავაზა ატმის მურაბის საინტერესო რეცეპტი, რომლის გაკეთებაც დედისგან ისწავლა.
გვეუბნება, რომ ისეთი მურაბაა კარგი, სადაც ხილის ნატურალურობა ცოტათი მაინც იქნება შენარჩუნებული და მხოლოდ შაქრის სიროფისგან გაჟღენთილი, გადახარშული ხილის ნაჭერი არ უნდა შეგვრჩეს ხელთ, რომლის გემოს ამოცნობაც კი სჭირს ზოგჯერ, თუ რა სახეობის ხილიაო.
ფატი გრიგალაშვილი ჭერმის და გარგრის მურაბის საკუთარ რეცეპტს გვთავაზობს
ფატი გრიგალაშვილის მიერ შემოთავაზებული ატმის მურაბის რეცეპტი კი ასეთია: ერთი კილოგრამი ატამი გავთალოთ და დავჭრათ კბილანებიანი დანით. ერთ კილოგრამ შაქარს დავასხათ ერთი ჭიქა წყალი (გავზარდოთ რაოდენობის მიხედვით) და მოვამზადოთ სიროფი. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ გადმოვდგათ. როცა გაგრილდება, ჩავყაროთ მომზადებული ატამი და დავდგათ მეორე დღემდე. შემდეგ წამოვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში, გადმოვდგათ და ამოვალაგოთ ატმის ნაჭრები. მერე სიროფი დავდგათ მოსადუღებლად.
ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში არ გადმოვდგათ. დავამატოთ ლიმონის ცედრა. შემდეგ შევწყვიტოთ პროცესი, გადმოვდგათ, ჩავყაროთ ატამი, გავანაწილოთ ქილებში, შევავსოთ სიროფით და დავხუროთ მჭიდროდ. ჰერმეტული მოხუფვა საჭირო არ არის, შეიძლება პლასტმასის ხუფებით დავხუროთ.