შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს ზამთრისთვის შესანახ მრავალგვარ სახეობის ბოსტნეულის კერძს, საწებელს თუ მჟავეულს და ნაკლებად ვხვდებით ჭკნობის მეთოდით შენახულ აგრარულ პროდუქტს, რასაც უფრო წინაპრები მიმართავდნენ. ტექნოლოგიების ეპოქაში. ხალხური მეთოდები უფრო უკანა პლანზე ინაცვლებს, თუმცა, ადვილი ფორმით მოსახერხებელია ბოსტნეული კულტურების უვნებლად შენახვა.
წიწაკის, ზაფრანის თუ სხვადასხვა სანელებლების გამხმარი ფორმით შენახვა ყველასთვის ცნობილია; ასეთივე ფორმით ჩვენი ბებიები ინახავდნენ უძაფო ლობიოს პარკებს, ძაფზე ასხმული სახით.
სოფელ ქაქუთის მკვიდრი, ნანული კვირკველია იხსენებს ამ მეთოდს და გვეუბნება, რომ ის ახლაც ინახავს ლობიოს ამ სახით და და ურჩევნია კიდეც დაკონსერვებული სახით შენახულს.
ნანული კვირკველია: “საგვიანო ლობიო, რომელსაც ძაფი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს, ნაშუადღევს უნდა მოვკრიფოთ. ორი დღის განმავლობაში დავალაგოთ მაგიდაზე. ოდნავ შეჭკნეს. შემდეგ გამძლე ძაფზე ავაცვათ, ყოველი პარკის აცმის შემდეგ გავაკეთოთ კვანძი და გავკიდოთ ღია აივანზე, ოღონდ ისე, რომ მზე არ მიწვდეს. სასურველია, ნიავი ქროდეს, უნდა გახმეს სიმშრალესა და ჩრდილში.
შემდეგ ქაღალდის პარკში ან დოლბანდის ნაჭერში გახვეულს შევინახავთ. ზამთარში დავალბობთ ერთი დღის განმავლობაში, შემდეგ ჩვეულებრივად მოვხარშავთ და სურვილის მიხედვით გავაკეთებთ, როგორ სახის კერძიც გვინდა.
ბევრს იქნებ, ყოველივე ეს საძნელო საქმედ მოეჩვენოს, თუმცა, სოფელში მცხოვრები კარგი მეურნისთვის, რომელსაც საკარმიდამო ნაკვეთში ბლომად აქვს სხვადასხვა კულტურა, ეძლევა საშუალება, ასეთი სახით შეინახოს ლობიო.
მახსოვს, ბავშვობაში ამ წესით ჩვენს ოჯახში ხშირად ახმობდნენ მანჭკვალა სოკოს. წნელისგან მოწნულ სათავსზე დააწყობდნენ და ერთი თვის განმავლობაში აბრუნებდნენ. ზამთარში კი ჩვეულებრივად ალბობდნენ და აკეთებდნენ. სრულიად უსაფრთხო იყო. როცა საშუალებას ვნახავ, მე ახლაც ხშირად მივმართავ ბოსტნეულის შენახვის ძველ, ხალხურ მეთოდებს”.