“მაყურებლის დიდი ნაწილი მძევლად გყავთ აყვანილი, ხართ დახურული ტელევიზია, 99% აჩვენებთ სიცრუეს”_ამ განცხადებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “რუსთავი 2″_ს სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მიმართა.
ბიძინა ივანიშვილმა მედიის მიერ მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „რუსთავი2“-მა მთავრობის რამდენიმე წევრის სახლი გამოიტანა და აჩვენა მაყურებელს, მაგრამ არც ერთს არ შეკითხვიხართ, საიდან და როგორ აქვთ ეს ქონება, ან მისი არის თუ არა. უამრავი გადაცდომა გქონდათ, რაც უკვე დადასტურდა, რომ სხვის ნაკვეთებს მიაწერდით პრემიერ-მინისტრს, ასევე მიაწერდით სხვა შემთხვევაშიც. როდესაც თვითონ გააქტიურდნენ, მანანა კობახიძე დაგიკავშირდათ, იზორია, თქვენ მათი პოზიცია არ დააფიქსირეთ. თქვენ აირჩიეთ მხოლოდ სესიაშვილი, სადაც სესიაშვილმა ასით ნული მოგიგოთ. პრემიერ-მინისტრთან მიმართებით, საერთოდ სირცხვილი იყო, რაც გააკეთეთ, ვინაიდან 20 წლის წინანდელი სახლი გამოიტანეთ, როდესაც პრემიერი ალბათ თინეიჯერი იყო ან სტუდენტი. აჩვენეთ თუ როგორ არის კორუფციაში ჩართული და ამ დროს მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, ეს თქვენი მუშაობის მანერაა”,_განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სესიაშვილის სახლი 310 კვადრატული მეტრია, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული და მინებია ჩასმულ – მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მისი აშენება შეგიძლია 100 დოლარად და 100 დოლარი რომ გავამრავლოთ 310-ზე გამოვა 31 000 დოლარი. აუზი საერთოდ „კაპიკი“ დაჯდებოდა, არ არის ეს აუზი გაშვებული და არ ფუნქციონირებს“.