ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს, რომელიმე უპასუხიმგებლო პოლიტიკურმა ძალამ” – ეს განცხადება პრემიერმა მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის გამო ვერ მოხერხდა წინასაარჩევნო კამპანია ყოფილიყო ნამდვილი ევროპული სტანდარტების შესაფერისი.
ამის მიუხედავად პრემიერი ამბობს, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ პოლიტიკურმა ძალებმა დესტრუქციულად იმოქმედონ 28 ოქტომბერს. პრემიერი მიმართავს შს სამინისტროს, რომელსაც არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა ევალება.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება დემოკრატიული და საქართველო ჩააბარებს ამ ტესტს. პრემიერი მოუწოდებს ამომრჩეველს მიიღონ არჩევენბში მონაწილეობა.
„რამდენიმე დღეში ქვეყანაში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი…
საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვან ტესტს ჩაატარებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ ტესტს ყველა ერთად, თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩავაბარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.