„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს აფასებს.
დეპუტატის თქმით, შედეგი, რომელიც მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დადო, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საზოგადოების განწყობა თავიდანვე ცნობილი იყო.
ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია, რადგან მმართველმა პარტიამ ამომრჩევლის ნდობა ვერ შეინარჩუნა.
„მმართველი პარტიის წევრებს ვაფრთხილებდი, როგორი დამოკიდებულებაც გექნებათ საპრეზიდენტო არჩევნებთან, ისეთივე ექნება ამომრჩეველს-თქო, ამიტომ არაფერი უპროგნოზო არ მომხდარა.
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში განიცადა სრული ფიასკო. მმართველ პარტიას იმდენად შეუმცირდა ამომრჩეველი, რომ დაეწია და ჯამში, გაუსწრო კიდეც ოპოზიციურმა ძალებმა.
2017 წლის არჩევნებმა მმართველ პარტიას ის დასაყრდენი გამოაცალა, რომელზეც იდგა „ქართული ოცნება“. 2017 წელს ალავიძემ ყოფილი „ნაციონალებით“ გაავსო „ქართული ოცნების“ პარტია. დღეს ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხედან მერებისა და გამგებლების სავარძლებზე.
ბუნებრივია, ეს შედეგი არ დადგებოდა, პარტიაში წონადი სახეები რომ ყოფილიყვნენ. მოემზადეთ, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, ჩვენ ძალიან დიდი ძალაუფლება გვაქვს, ამიტომ არ გვჭირდება პრეზიდენტიო, ახლა, რატომ ვარდებიან ისტერიკაში, არ ვიცი“,_ აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ კი _ 37, 74%, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.