ქართველები, მათ შორის პოლიტიკოსები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ. დღევანდელ წერილში საუბარი ამ პროფესიის ადამიანებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას გაგაცნობთ.
დავით უსუფაშვილი:
„1990 წლის შემოდგომაა. წინასაარჩევნო პერიოდია. ცსკ-ას წევრი ვარ. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. იურიდიულ საკითხებს ვკურირებ და ყველა სამართლებრივი დავა ჩემს ხელში გადის. ერთ დღესაც სამსახურში მივდივარ და დაცვაში მაფრთხილებენ:
– ბატონო დავით, სჯობს, არ შეხვიდეთ, ქალბატონი მანანა არჩვაძეა მოსული სერიოზული პრეტენზიებით და ხალხიც მოიყვანა.
მაინც შევედი. დერეფანშივე მომესმა მისი ხმა, რომელიც ჩემი ოთახიდან გამოდიოდა:
– სასწრაფოდ მომიყვანეთ აქ ის იურისტი უსუფაშვილი!
– გამარჯობათ, – მივესალმე, – მე გახლავართ იურისტი უსუფაშვილი. დაწყნარდით და ისე ვისაუბროთ, – შევეცადე, დამემშვიდებინა.
– მაგას ვერ ეღირსებით! – მიყვირა.
ჩხუბით დაწყებული კამათი საშიშ ფაზაში შევიდა. ვგრძნობ, ხეირს არ დამაყრიან. “მრგვალ მაგიდას” ეჭვი გასჩენოდა, რომ არჩევნებზე მოსაწვევი ბარათები მარტო კომუნისტური პარტიის მხარდამჭერებს დაურიგდებოდათ და ამაზე ცხარობდნენ.
მე ჩემსას ვამტკიცებ, ქალბატონი მანანა არჩვაძე – თავისას, და სიბრაზის ბოლო საფეხურზეა. უცებ, მზერა ჩემს უკან გადაიტანა და სახე დაუმშვიდდა. გამიხარდა, მეთანხმება-მეთქი და ლაპარაკის ტეპს მოვუმატე. ცოტაც და სრულიად დაწყნარებულმა ნაზად შესძახა:
– უიმე, ეს ყვავილი მეც მაქვს, მაგრამ კოკრები ვერ გამოვაღებინე!
დაბნეულმა მივიხედე, რაფაზე რაღაც ქოთნები ეწყო მცენარეებით. ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ იმ წუთში სიყვარული “მომეძალა”.
– ამ ყვავილს, ქალბატონო მანანა, საკუთარი შვილივით ვუვლი! ბავშვობიდან ვგიჟდები ქოთნის მცენარეებზე და კვირაობითაც მოვდივარ სამსახურში, რომ მოვრწყა.
-დადნა ქალი! რა არჩევნები, რის არჩევნები!
– მზე უფრო უყვარს თუ ჩრდილი? – გამიღიმა.
სიმწრის ოფლმა დამასხა!
– თანაბრად, – ძლივს ამოვღერღე, – ისე, დღისით ყოველ ერთ საათში ვატრიალებ, რომ მზის სხივი ფოთლებს თანაბრად მოხვდეს.
– რამდენჯერ რწყავ?
– ოთახის ტემპერატურას გააჩნია. – მოვნახე გამოსავალი.
– კარგი ბიჭია, – გახედა თავისიანებს. – ყვავილები ჰყვარებია და ცუდს არაფერს ჩაიდენს.
„ლომები და ვეფხვები“
1990 წლის არჩევნების წინა დღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ ვიღაცეები არჩევნების ჩაშლის ოპერაციას ამზადებდნენ ყველაზე მზაკვრული მეთოდით – ზოოპარკიდან ლომებისა და ვეფხვების გაშვება ჰქონიათ დაგეგმილი.
უკვე შუაღამეა, რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას. ცსკ-ს წარმომადგენლები, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები შევიკრიბეთ და დავიწყეთ ფიქრი გამოსავალზე.
– გავაფრთხილოთ მოსახლეობა, რომ ცხოველების ქუჩაში გამოჩენა დეზინფორმაციაა, – დაასკვნა ერთმა.
– არ გამოვა, – იდეა დაუწუნეს, – ლომისა და ვეფხვის ხსენებაც კი პანიკას გამოიწვევს და ცხვირს აღარავინ გამოყოფს გარეთ.
ორსაათიანი სერიოზული თათბირის შემდეგ “გენიალური” გადაწყვეტილება მიიღეს! თითო გალიას თითო მაღალჩინოსანი ოფიცერი მიამაგრეს, რომლებიც დიდი ბოქლომებით გაქანდნენ ზოოპარკისკენ, გალიები დამატებით გადარაზეს და გასაღების ერთადერთი ეგზემპლარი ღრმად შეინახეს ჯიბეში. ვისი ცხოველიც ქუჩაში აღმოჩნდებოდა, ტყავის გაძრობა არ ასცდებოდა და არჩევნების დამთავრებამდე საათში ერთხელ გულისხეთქებით გარბოდნენ “საკუთარი” გალიისკენ“.
ზვიად ძიძიგური:
1989 წელია და მწერალთა კავშირის სახლში შეიკრიბა მთელი დისიდენტური სამყარო. მიდის აქტიური მსჯელობა, კამათი – ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ეროვნული მოძრაობა რა გზით უნდა წავიდეს და უცებ დარბაზში ვიღაც თმაგაბურძგნული კაცი შემოვარდა, ხელში 20 ლიტრიანი კანისტრა უჭირავს.
– რა ხდება? – შეცბა ზვიად გამსახურდია.
ვიღუპებით, ბატონო ზვიად, – ამოიგმინა, – აზერბაიჯანელებს მიწისქვეშა გვირაბი გამოჰყავთ, თბილისი უნდა ააფეთქონ.
რანაირად, კაცო?
იმ გვირაბში რელსებს აგებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მატარებელი უნდა გამოუშვან. თუ სასწრაფოდ ავლაბრის მეტროსთან ხალხს არ მოაგროვებთ და არ გვიხსნით, აგერ, მოტანილ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ.
ყველა მივხვდით, არ იყო თავის ჭკუაზე, მაგრამ მართლა რომ თავი დაიწვას, სად მიდიხარ მერე? მოკლედ, გაუჩნდა საფიქრალი გამსახურდიას და ბოლოს სერიოზული სახით ეკითხება:
– ნუ გეშინია, მე მაგათ ვაჩვენებ სეირს! მარტო ეს მითხარი, ის რელსები განიერია თუ ვიწრო?
– რა მნიშვნელობა აქვს? – დაბნეული მიაჩერდა.
– ოჰ, ძალიან დიდი. შენ წადი, ეგ ამბავი გამირკვიე და მე ხალხის შეგროვებას დავიწყებ.
– აგაშენათ ღმერთმა! – გაუბრწყინდა თვალები, – ამ ბენზინს წავიღებ და მაშინისტს გადავასხამ, თქვენ სპიჩკა წამოიღეთ, ყიდვა დამავიწყდა“.
ალექსანდრე შალამბერიძე ვიტალი ხაზარაძის შესახებ კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს. ბატონ ვიტალის კი აქილიკებს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მართლაც ახლო მეგობრები ბრძანდებოდნენ.
ალეკო შალამბერიძე:
ვიტალი ხაზარაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებოდა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პირველი სხდომა ჩატარდა, გამოვედი დერეფანში და ჟურნალისტს ვეუბნები:
– ხაზარაძე სახელმწიფოს სამართლის თეორიის გაგებაში არაა.
მეორე დღეს მეორე სხდომაა, ხაზარაძე გვერდით მიზის და მეკითხება:
– ალეკო, გუშინ ტელევიზიით შენ გამოხვედი?
-არა, ტელევიზია ახლოს არ მეკარება. რა მოხდა?
– ვიღაცას ესე და ესე უთქვამს ჩემზე, ცოლმა მითხრა.
– სააკაშვილი იქნებოდა.
– არა მგონია, მიშას გავეწირე.
– მაშინ, გრიგალაშვილი.
– კი, შეიძლება, – ჭკუაში დაუჯდ
რამდენიმე დღის შემდეგ სხდომა ჩააგდო, საქეიფოდ წავიდა. პარლამენტში გამოვედი და ვთქვი:
– ხაზარაძე სპეციალურად აცდენს სხდომებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება და წინსვლა შეაფერხოს.
საღამოა. ხაზარაძის კაბინეტში ვსხედვართ და მობილურზე ცოლი ურეკავს, უსმენს და ნელ-ნელა გამწვანდა კაცი:
– ჩემზე თქვეს დემოკრატიის მტერიაო? ვინ იყო? დაბალი და რიჟა? ა, მაშინაც ეგ იყო? ესე იგი, დაბალი და …
უცებ შემომხედა და სკამს დაავლო ხელი. ძლივს გავასწარი“.