„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. დეკანოიძე იმ მოთხოვნებზე საუბრობს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციას ხელისუფლებისადმი აქვს.
„პირველ რიგში, ეს არის უსამართლო საარჩევნო სისტემის დარღვევა, მოშლა და პროპორციული სისტემის აწყობა, რომელიც შანსს იმისას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა გამოვაცალოთ ოლიგარქს ხელიდან. სანამ ესეთი უსამართლო სისტემა იქნება საარჩევნო, მანამდე ოლიგარქი ყოველთვის ეცდება, რომ მოიპაროს ხალხის ხმები და რეალურად, არ გამოიხატოს ადამიანების ნება, რომელიც არ გამოიხატა რამდენიმე დღის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებზე. მეორე, ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უნდა ჩატარდეს სამართლიანი სისტემით, საარჩევნო სისტემით და ასევე საარჩევნო კომისიები,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ქუჩა იყო ის, რაც ხდებოდა 28 ნოემბერს. ქუჩაში იყო ჩატარებული არჩევნები. მობილიზებული იყვნენ კრიმინალები, ადამიანები, რომლებიც მე ვნახე, ჩამოყვანილი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული და ეს ადამიანები მართავდნენ, მათ შორის ახალგაზრდებს რომ მოსულიყვნენ და ხმა მიეცათ სალომე ზურაბიშვილისთვის. ასეთ იყო რეალურად ეს საარჩევნო სისტემა.
მე პირადად და ჩემი მეგობრები გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებზე ხმების უზარმაზარი რაოდენობა მიიღო.
„900 ათასი ადამიანი, არ ყოფილა ესეთი ფაქტი ისტორიაში, რომ 900 ათასმა ადამიანმა ოპოზიციას მისცა ხმა და ხელისუფლება გამოვიდა და დასვა დასმული პრეზიდენტი,“ – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.