წერილების გაგზავნა ჩვენც კარგად ვიცით. ჩვენც კარგად გავგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში წერილებს, რომელიც დაადასტურებს თუ სად, როგორ, რატომ ჩაიდინა არჩევნებთან დაკავშირებით დანაშაული, ვინ იყო დასჯილი და ვინ არა, – ამის შესახებ პარლამენტში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენც კარგად გვესმის საერთაშორისო დონეზე როდის, სად, რა განხილვები დაიწყება ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე, ყველა ის მასალა და ყველა ის საქმე, რომლის დასრულებაც შესაძლებელი იქნება, დასრულდება“, _ განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული 26 პირზე, რომელთა დიდი ნაწილი არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
„მესმის ყველაფერი, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო პროცესში ინციდენტების შესახებ, თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია. სრულად ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რომელიც შს სამინისტროს კომპეტენციას შეეხება. ძალადობრივი დანაშაულებები და ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში, ყველა შემთხვევაზე შს სამინისტროს მიერ დაწყებული იყო გამოძიება, მათ შორის ახალქალაქის შემთხვევაზეც. სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული 26 პირზე. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი“, – განაცხადა გახარიამ.