„ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გაპრემიერება „ქართული ოცნების“ კრახს დააჩქარებს. ივანიშვილი ახლა მთავარ დარტყმებს თავიდან იცილებს, რასაც გაპრემიერების შემთხვევაში, ვეღარ მოახერხებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.
სანიკიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სწორად მართვის უნარი არ შესწევს.
„ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებზე, საზოგადოებას რატომ აქვს ასეთი დიდი წარმოდგენა, დღემდე ვერ ვხვდები. ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ტიტულები ვერ უშველით. მათ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ“.
სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაპირება, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ წელიწადში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას გამოასწორეს, აფიორაა.
„ბიძინა ივანიშვილმა გასაკეთებელი ექვს წელიწადში ვერ გააკეთა და ერთ წელიწადში გააკეთებს?! ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ არ იციან, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონია, რომ ამ ხელისუფლებას შეინარჩუნებს. ივანიშვილზე მაგარ ხალხს ეგონა, რომ ხელისუფლებას შეინარჩუნებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს კაცი აფიორებით მოქმედებს, ერთი წელი გავიდეს და ვნახავთ, რისი გამკეთებელია.
ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ქართული სასამართლო, ფაქტობრივად, აუღებელი ციხესიმაგრე გახდა და ბიძინა ივანიშვილი ჰერკულესს არ ჰგავს, სასამართლო სისტემა არაკვალიფიციური კადრებისგან რომ გაწმინდოს. ქვეყანას ერთადერთი გამოსავალი აქვს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უახლოეს მომავალში უნდა წავიდეს“, _ აღნიშნა სანიკიძემ.