„ბიძინა ივანიშვილმა ადრე ბრძანა, ის მოსამართლეები, რომელთა უვადოდ განმწესებას დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვერპლები არიანო. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ახალბედა ნაწილი ამ მოსამართლეების მიმართ ივანიშვილისნაირ ლმობიერ პოლიტიკას ახორციელებს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემაში შესაძლოა სჭირდებოდეს ისეთი მოსამართლეების უვადოდ განმწესება, რომლებიც მმართველი პარტიის დავალებებს შეასრულებენ.
„მომავალში არ გვინდა საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობდეს?! ეს მოსამართლეები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან ასოცირებულნი. მათ მიერ გამოტანილი თუნდაც სრულიად კანონიერი განაჩენიც კი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადება, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომლებიც მოსამართლეებს ლობირებენ, მშვენივრად იციან.
ფაქტია, მოსამართლეებს ან „ქართული ოცნების“ ნაწილი ჰყავს მოქრთამული, ან მმართველ პარტიას სასამართლო სისტემაში ისეთი მოსამართლეების არსებობა სჭირდება, რომლებიც ადრე მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს ასრულებდნენ, დღეს კი „ქართული ოცნებისას“ შეასრულებენ“,_ აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

































































