„მრჩება განცდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი მდგომარეობა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის მართული. ვფიქრობ, ვიღაცას სურს, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლებაში ვერ მოახერხა მოსვლა, ხელისუფლების ერთ-ერთ შტოში მაინც მოვიდეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გარკვეული პოლიტიკური ძალა კარნახობს, როგორ მოიქცეს.
_ბატონო მამუკა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მიერ დასახელებული ათი კანდიდატი გადახედვას არ ექვემდებარება, მოსამართლეები ნებისმიერ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენო. ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თაოსნობით, საკანონმდებლო ორგანო წარდგენილი მოსამართლეების დასამტკიცებლად ემზადება, როგორია თქვენი მოსაზრება?
_ქვეყნის სტაბილურობისა და ნორმალური ვითარების შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს, სასამართლო სისტემაში აღარ იყვნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია ცალსახად მიუღებელია. მრჩება განცდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი მდგომარეობა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის მართული. ვფიქრობ, ვიღაცას სურს, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლებაში ვერ მოახერხა მოსვლა, ხელისუფლების ერთ-ერთ შტოში მაინც მოვიდეს. ჩანს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა შეგნებულად მიდის კონფრონტაციაზე. დიდი ალბათობით, მათ ვიღაც კარნახობს, როგორ მოიქცნენ.
_ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ლევან მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემდეგ, დამოუკიდებელი მოსამართლე გახდაო. როგორ ფიქრობთ, ისეთი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილში უნდობლობას იწვევს, პარლამენტის თავმჯდომარის შემწყნარებლური დამოკიდებულება, რით არის განპირობებული?
_პარლამენტის ხელმძღვანელობის სიჯიუტე მურუსიძესთან და მისნაირ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგებარია. დამოუკიდებელი გახდა თუ არა მურუსიძე, ამას არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მურუსიძის ადგილზე რომ ვიყო, საერთოდ გავერიდებოდი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას. ვინ არის ასეთი ლევან მურუსიძე, რომელსაც შეუძლია საზოგადოების წინააღმდეგ სიტუაცია მართოს?!
_სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დატოვა, რასაც ირაკლი კობახიძე მოსამართლეების თემას არ უკავშირებს. თქვენი აზრით, რა არის თანაგუნდელებს შორის რეალური უთანხმოების მიზეზი ?
_ირაკლი კობახიძის სიტყვები მართალიც რომ იყოს, ეკა ბესელიამ გადადგომისთვის საუკეთესო მომენტი შეარჩია. ბესელიამ აღნიშნული ნაბიჯი იმდენად მნიშვნელოვან დროს გადადგა, რომ დანარჩენს, თუ რის გამო დატოვა მან თანამდებობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
_ უმრავლესობაში გამოიკვეთა ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალა. ე.წ. ძველი და ახალი გვარდია, რომელთა შეხედულება უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით პრინციპული და ცალსახად განსხვავებულია. როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის ნაწილი უახლოეს მომავალში გაემიჯნება?
_ნიშნები ჩანს, რომ პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ გამოსული ადამიანების ფრაქცია შეიქმნება. უხელმძღვანელებს თუ არა ახალ ფრაქციას ეკა ბესელია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ეკა ბესელია საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ბრძოლისთვის ყოველთვის მზად არის.

































































