„მიხეილ სააკაშვილი სხვა პოლიტიკოსებისგან ნამდვილად გამოირჩევა, მას ნათქვამი აქვს, რომ შეუძლია წავიდეს და ზვიად გამსახურდიას ბედი გაიზიაროს. გამოდის, რომ სააკაშვილს სიკვდილისაც არ ეშინია, ოღონდ საკუთარი გეგმები განახორციელოს. ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ხელისუფლებას, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ფეხზე მყარად ვერ დგას, ამ უსიამოვნების თავიდან აცილება სურს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა იგორ კვესელავამ.
მისივე თქმით, თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, ქართული მართლმსაჯულება კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„მიხეილ სააკაშვილს, ბუნებრივია, საქართველოში დაბრუნება სურს და აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ყველანაირ გზას მიმართავს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი უარს არ ამბობს პროვოკაციულ მოწოდებებზე, ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგების გაჟღერებაზე და პირდაპირ სახელმწიფოს დამხობის შესახებ აკეთებს განცხადებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დასჯადია. დარწმუნებული ვარ, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას სამართალდამცავი უწყებები დაიჭერენ. ამის შემდეგ საზოგადოების რა ნაწილი მიემხრობა მას და საერთოდ აღუთქვამს თუ არა მხარდაჭერას, ეს სხვა საკითხია“,_ აღნიშნა კვესელავამ.