პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. ბრალდებული ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს, რომელსაც სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა. სწორედ ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებაში გამოვლენილი ხარვეზების გამო მოხდა ხ.გ-ს დაკავება.
“2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ “ სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს.
“სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებებების გამოვლენის გამო ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით. შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ხ.გ-ს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
“კერძოდ, ხ.გ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არ არსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს „ტობეს“და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა.
“სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა.
“გამგებლის მოადგილის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, მატერიალურმა ზიანმა კი 346 953 ლარი შეადგინა,”-აღნიშნულია განცხადებაში.