საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ, რუსეთის სახით, გასაღების ბაზარი დავკარგეთ. ისე არ გამიგოთ, მივტიროდეთ კომუნისტების დროს, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, გლეხს და მშრომელ კაცს ძველი და წასული დრო არ მოანატროს.
აღნიშნული პროცესების შემდეგ, საქართველოში გურიას ყველაზე მეტად გაუჭირდა. ოზურგეთის რაიონს, რომელსაც მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა ჰქონდა _ მეჩაიეობა, ტუნგის, აბრეშუმის პარკის წარმოება, დაფნის მოსავალი თუ მეციტრუსეობა, დღეს მხოლოდ ციტრუსებიღა შემოგრჩა და მის სარეალიზაციოდაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
ადამიანები, რომლებსაც ციტრუსოვანთა გასაღებისთვის ნორმალური ბაზარი არ გაგვაჩნია, მიტოვებული ვართ ბედის ანაბარა. დავიწყებ იქედან, როცა მანდარინი უკვე მოკრეფილია და ველოდებით მყიდველს. თუ გამოივლის ვინმე აღმოსავლეთიდან, ხომ კარგი. თუ არა და უნდა ვიყოთ ლოდინის რეჟიმში. ამასობაში ციტრუსოვანთა ნაწილი ფუჭდება.
შორსაა იქამდე, როცა ხალხს სპეციალურად შესანახი მაცივრები ექნება. თუ წინათ ყველა სოფელში იყო შემფუთავი და წვენების ქარხნები, ამჟამად ქობულეთში უნდა გაიქცე. ისიც ნაწილობრივ თუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. როცა ერთი კილოგრამი კარგი მანდარინი 60 თეთრად მიაქვთ, ე. წ. “ენესი” _ 10 თეთრი ღირს, მოკრეფა კი ყველაზე სარწმუნო გამოანგარიშებით, ერთი კილოგრამი 12 თეთრი ჯდება, რა რჩება მეურნეს? მანდარინი ხომ პანტა ან ტყემალი არ არის, რომ ჩამორეკო და შეაგროვო?
დაველაპარაკე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს გელა ხანიშვილს. სარეალიზაციო პრობლემებზე რომ ვუთხარი, მიპასუხა, მიმღები ქარხნები არის ნატანებსა და კონჭკათში და ფასებიც კარგიაო, ქობულეთში კი ორი წვენების ქარხანააო. ვკითხე, ქობულეთამდე ტრანსპორტირება ხომ სჭირდება,-მეთქი და მიპასუხა, დასავლეთ საქართველოში ტრანსპორტის მეტი რააო… აი, ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი სამინისტრო გვაქვს. ტრანსპორტირებას რომ თავისი ხარჯები აქვს და მერე რომ ბევრი არაფერი რჩება გლეხს, ეს ვის ადარდებს? მე რომ ერთ ჰექტარ ფართობზე ციტრუსის წლიურ მოსავალს ვიღებ, იმის საფასური და მეტი, ერთი თვის ხელფასი აქვთ, დანამატი სხვაა. ამიტომ ვერ იგებთ, ბატონებო, ჩვენს გასაჭირს. არ თქვათ ახლა, ჩვენი ხელფასი გშურთო ან დამსახურება გვაქვს და იმიტომ ვიღებთო. დამსახურებული მაშინ იქნებით, ჩვენ, ხალხს რომ მოგვხედავთ.
თვალს ვადევნებ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად დადიან საზღვარგარეთ, თუმცა, ხალხის ეკონომიკურ ყოფაზე შესამჩნევი პოზიტივით ჯერ არაფერი ასახულა. არასდროს გაგვიგონია, რომ ციტრუსს სარეალიზაციოდ გაიტანენ. პირიქით _ დღემდე უცხოურ პროდუქტს აქეთ ეზიდებიან, ჩვენ კი ჩვენი ვერ გაგვიყიდია. რა უფლებით გვართმევენ ბაზარს? ნაჯაფი და ნაოფლარი ხალხს სახლში ულპება, ჩვენი ყველა შიდა ბაზარი კი თურქულ ციტრუსოვნებს აქვს დაკავებული.
მე და ჩემს მეზობლებს, მეგობრებს, დღემდე გვაქვს შინ გაუყიდავი მანდარინი. ხშირად გვიხდება გაფუჭებული ნაყოფის გამორჩევა. ზარალი მეტია, ვიდრე ის ნაწილი, რაც მოკრეფიდან დღემდე გავყიდეთ.
გვაინტერესებს, სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება? იქნებ, თქვენ, რედაქცია დაგვეხმაროთ, რომ მოხდეს ორგანიზებული შეხვედრა სოფლის მშრომელი ხალხის პრობლემებთან დაკავშირებით?
ამჯერად ციტრუსის რეალიზაციაზე ვისაუბრე, მაგრამ სხვაც ხომ უამრავი პრობლემა გვაქვს?! ხალხს უსაშველოდ უჭირს სოფელში. ახლა, მარტიდან, განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდება ეს საკითხი. ყოველ წელს ნაკლები პირუტყვი ჰყავს ხალხს. ზოგჯერ მარჩენალ ძროხასაც ყიდიან. აკვირდება ვინმე ამ პროცესებს? თუ ხუთი პროცენტი რომ იცხოვრებს ფუფუნებაში, ცოტა უფრო მეტი საშუალოდ და დანარჩენი გაჭირვებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია?!
ვახტანგ მარგალიტაძე,
პროფესიით აგრონომი,
ოზურგეთი,სოფელი კონჭკათი