სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის ბოლოს დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ძირითადად დათესვა დახურულ გრუნტში უნდა მოხდეს.
შენახული სათესლე მასალა (ოხრახუში, ნიახური, ქინძი, პრასი, პომიდორი, კიტრი, გოგრა, ბოლოკი თუ სხვა), რომელიც შეკვრებად გვაქვს შენახული, სათითაოდ უნდა გავხსნათ და ერთი ან ორი დღით გავამზეუროთ. თუ კარგი ამინდი არ არის, ღუმელთან დავდოთ და პერიოდულად ავურიოთ.
დასათესად მომზადებული ნიადაგი, რომელიც თითო წილი ნაკელით, ქვიშით და შავი მიწით უნდა შევაზავოთ, ასევე, წინასწარ მულჩებად დავყოთ, თუ კვალსათბურში ვთესავთ. დათესვის შემდეგ კი ორმაგი ან სქელი “ცელოფნით” გადავხუროთ. თუ სასათბურე დანადგარი გვაქვს, ბუნებრივია, მარტივი ქმედებები არ გვჭირდება და განკუთვნილ რიგებში ვთესავთ.
განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება საჩითილედ განსაზღვრული ნათესების მოვლას (პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი, ბულგარული თუ მწარე წიწაკა…). ამოსვლის დღიდან სითბო და მზე განსაკუთრებით საჭიროა, რომ სანერგე ჩითილი ძლიერი და გამოსადეგი იქნეს.
რაც შეეხება მწვანილეულს, ოხრახუში, ნიახური, წიწმატი და ბოლოკი შეგიძლიათ ღია გრუნტშიც დათესოთ. გურიის პირობებში ნაკლებად მოხდება მათი მოყინვა, თუნდაც საგაზაფხულო წაყინვების დროს. ოღონდ, შედარებით ნელა გაივლის სავეგეტაციო პერიოდებს.
მარტის დასაწყისში, როგორც ყოველთვის, შევახსენებთ ჩვენს მეურნეებს _ აუცილებლად უნდა დათესოთ გოგრა. ღია გრუნტში აუცილებლად უნდა გადახუროთ, ვიდრე “ნასესხების” პერიოდი არ ჩაივლის.