თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა არაერთგვაროვნად აღიქვამს. სამწუხაროდ, არც ისე ცოტა ადამიანი თვლის, რომ ეს დაავადება თხილს “ვიღაცამ” გაუჩინა, ზოგი დივერსიაზეც საუბრობს. ეს რომ ასე არ არის, ცოტა უკან, ახლო თუ შორეულ წარსულშიც მივიხედოთ.
სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ზიანის მომტანი დაავადებების არსებობა უძველესი დროიდანაა ცნობილი. უძველეს ანდერძებში აღწერილია ნაცროვანი და ჟანგაროვანი დაავადებების არსებობის მაგალითები.
მცენარის დაავადებებით გამოწვეული უდიდესი ზარალის და მოსახლეობისთვის კატასტროფული შედეგების საუკეთესო მაგალითია 1845-1846 წლებში ირლანდიაში კარტოფილის ფიტოფტოროზით დაავადება. აღნიშნულმა დაავადებამ კარტოფილის მოსავლის განადგურება გამოიწვია, რის გამოც, ირლანდიამ თითქმის მოსახლეობის 1/3 დაკარგა. ერთ მილიონამდე ადამიანი შიმშილით დაიღუპა, ხოლო ნახევარმა მილიონმა ირლანდია დატოვა და ემიგრაციაში წავიდა.
დაავადებული მცენარის ან მისი პროდუქციის გამოყენებით ადამიანისა და ცხოველების სიკვდილის ან დაავადების უამრავი მაგალითები არსებობს, მაგალითად, “ჭვავის რქით” დაავადება. ამ დროს მისი სკლეროციუმები ხორბალში ერევა და თუ ასეთი ხორბალი საკვებად იქნა გამოყენებული, ამას მოყვება ადამიანების და ცხოველების მოწამვლა და სიკვდილი.
ზღვისპირა და მთიან რაიონებში ხშირია “მათრობელა პურის” მოვლენა. იგი გამოწვეულია ხორბლის მარცვლის სოკო Fusariumi-ით დაავადებისას.
1940-1941 წლიდან დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკებში თავი იჩინა ციტრუსების დაავადებამ, ე. წ. ხმელამ ანუ მალსეკომ. მალსეკოს გამომწვევი სოკო ობლიგატი პარაზიტია. იგი მცენარეში ტოქსინებს გამოყოფს, რაც იწვევს მცენარის დაღუპვას. სოკო განსაკუთრებით პათოგენურია ლიმონის მიმართ. 1952 წლიდან ეს დაავადება საქართველოში ძალიან გავრცელდა და მოხდა ეპიფიტოტია _ დაავადების აფეთქება, რის გამოც თითქმის განადგურდა ქართული ლიმონი.
1963 წელს ხანგრძლივი წვიმების გამო გავრცელდა ვაზის ჭრაქი და ბევრი რაიონი მთლიანად უმოსავლოდ დარჩა. ჭრაქით ვაზი ისე ძლიერი იყო დაავადებული, რომ 1964 წლის მოსავალიც ძლიერ შემცირდა. კიდევ უფრო მეტი ზარალი გამოიწვია ვაზის ჭრაქმა 1972 წელს.
2017-2018 წლებში მოხდა თხილის მცენარის პათოგენ სოკოთა ძლიერი გავრცელება, დაავადებათა აფეთქება_ ეპიფიტოტია.
ჩვენ მიერ თხილის დაავადებათა შესწავლა 1977-1978 წლიდან დაიწყო. თხილის მცენარეზე გამოვლინებულია 51 სახეობის სოკო. აღნიშნულ სოკოებს თავიანთი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების დადგომისას შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ თხილის კულტურას.
2017-2018 წლებში თხილის მცენარეზე ძლიერ გავრცელდა შემდეგი სოკოვანი დაავადებანი _ თხილის ყავისფერი სიდამპლე, თხილის ნაცრისფერი სიდამპლე, ფუზარიუმის გვარის სოკოებით გამოწვეული თხილის ნაყოფების სიდამპლე, თხილის ნაყოფების მონილიოზი, თხილის ნაყოფების ფომოზი, თხილის ალტერნარიოზი, თხილის ნაცარი. ზემოთ ჩამოთვლილი სოკოები გასულ წლებშიც გამოვლინდებოდა ხოლმე, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული მავნეობა მინიმალური იყო და თხილის მოსავლიანობაზე არსებით გავლენას არ ახდენდა. წინა წლებში თხილის ნაცარი ზაფხულში, ივლისის მეორე ნახევარში და აგვისტოში აღინიშნებოდა. მისი მავნეობა იმით გამოიხატებოდა, რომ რამდენიმე ფოთოლი ჩამოცვივდებოდა, რასაც მცენარისთვის პრაქტიკულად ზიანი არ მოჰქონდა. 2018 წელს კი თხილის ნაცარმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თხილის კულტურას.
თხილის დაავადებათა აფეთქება _ ეპიფიტოტია გამოიწვია სოკოების განვითარება-გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობების არსებობამ, ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩაუტარებლობამ, მავნებელი ხოჭოს _ ფაროსანას გავრცელებამ, რომელმაც ინფექცია სხვადასხვა მცენარეებზე გადაიტანა. ასევე, მემცენარეობაში საერთოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზღვრებს გარედან ჰაერის ნაკადით შემოტანილი ინფექცია.
დაავადების შესაზღუდად აუცილებელია ჩატარდეს პროფილაქტიკური ღონისძიებანი: თხილის მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა, გამოიჭრას დახავსებული და მღიერებით დასახლებული ღერო-ტოტები, ძლიერ დაავადებული და გამხმარი ტოტები მთლიანად მოიჭრას, მერე კი მოხდეს მათი გატანა თხილნარებიდან და დაწვა. აუცილებელია ჩამოცვენილი ფოთლებისა და ხეზე შერჩენილი დაავადებული თხილის ბურჩხების შეგროვება და დაწვა. გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში თხილის მცენარის ირგვლივ ნიადაგის შემობარვა. ამ დროს დაავადებული მცენარის ნარჩენები, რომლებშიც სოკოები და სხვა მავნე მიკროორგანიზმები იზამთრებენ, ნიადაგის ღრმა ფენებში მოექცევა და ლპება.
თხილის მცენარის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებებია:
ჯეკ-პოტი 0,15-0,2%-იანი, ან ზატოსტარი 0,15-0,2%-იანი, ან ზახისტი 0,15-0,2%-იანი ან 0,4%-იანი სპილენძის ქლორჟანგი, რითაც უნდა მოხდეს მცენარეების შესხურება.
პირველი შესხურება უნდა მოვახდინოთ ახლა, ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე, მეორე და მესამე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში, 10-12 დღის ინტერვალით.
თხილის ნაცრის საწინააღმდეგოდ აგრეთვე კარგ შედეგს მოგვცემს ნაცრის გამოჩენისთანავე დაფქული გოგირდის შეფრქვევა ან კოლოიდური გოგირდის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში წამლობა, სულ ცოტა, 4-5-ჯერ შეიძლება განმეორდეს.
ლამზირი ბერაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფიტოპათოლოგი