ბოლო დროს ხშირია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასაფლაოები იქურდება. როგორც გავარკვიეთ, ძირითადად, საფლავებზე ლითონის კონსტრუქციებს ჭრიან.
მსგავსი სიტუაცია ქვეყნის ყველა რეგიონშია და გამონაკლისი არც გურიაა. ბოლო სამ თვეში, საფლავების გაქურდვის ათამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
რამდენიმე გაძარცვული საფლავი “გურია ნიუსმაც” აღმოაჩინა. იმის გარკვევაში კი, იყო თუ არა პოლიციაში შეტყობინება შესული და რა ეტაპზე იყო გამოძიება, აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე სასაფლაოზე, ლითონის ნაკეთობა ჭირისუფალს მოეხსნა.
_ ბავშვებისთვის საჭმელი არ მქონდა და სხვა გზა რომ ვერ ვიპოვე, მამაჩემის სასაფლაოზე ალუმინის ღობე მოვხსენი, ჩავაბარე და შვილებს საჭმელი მოვუტანე, _ გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ოჯახის წევრების მიერ სასაფლაოს ღობეების ჩაბარების რამდენიმე ფაქტის შესახებ გვიამბეს ჯართის მიმღებ პუნქტშიც:
_ როცა ჯართს ვიბარებთ, ჩამბარებლის მონაცემებს ვიწერთ, პირადობის მოწმობის ასლს ვიტოვებთ, რადგან პოლიციაც ხშირად გვამოწმებს. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა სასაფლაოს ღობე ოჯახის წევრებმა ჩააბარეს, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში.
აქ ისიც გავარკვიეთ, რომ მოსახლეობა ჯართში საოჯახო ნივთებსაც აბარებს:
_ შიმშილის ზღვარზეა ხალხი და თავის გადარჩენას ცდილობენ. ბოლო პერიოდში, ძირითადად, საოჯახო ნივთებს გვაბარებენ _ ტაფებს, ქვაბებს, ჭიქებს. ცოტა ხნის წინ ერთმა მოქალაქემ საწოლის რკინის ფეხები მოიტანა. მე იატაკზე დავწვები, ოღონდ ჩემს შვილიშვილებს პური მივუტანოო, _ გვიყვებიან ოზურგეთში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში.
აღსანიშნავია, რომ ეს სიტუაცია გურიის სამივე მუნიციპალიტეტშია და რთულია, გამოყო, სად უფრო რთული მდგომარეობაა. ფაქტია, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პროდუქტებზე და წამლებზე ფასები, პრაქტიკულად, გაორმაგდა:
_ ნისიებზე ვმუშაობთ. ხალხს ფული არ აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, _ ამბობენ მაღაზიის გამყიდველები.
ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი უკიდურესად ღატაკი ოჯახია გურიაში, არ არსებობს.
ტერმინი _ “უკიდურესად ღატაკი”, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზიდან 2012 წლის შემდეგ გაქრა.
სააგენტოში ამბობენ, რომ სისტემა შეიცვალა და ქულების მინიჭება, რის მიხედვითაც ადამიანებს დახმარება ეძლევათ, შეიცვალა. თუმცა, ეს სისტემა იმდენად უცნაურად მუშაობს, რომ სოციალურ აგენტებს დღესაც ვერ გაურკვევიათ, როგორ ენიშნებათ დახმარება მოქალაქეებს.
ჩვენი მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ ჩოხატაურის სოციალურ სააგენტოში დახმარების დანიშვნის და ქულების მინიჭების თხოვნით, დღეში 10-15 განცხადება შედის.
გავარკვიეთ ისიც, რომ 100 განცხადებიდან დახმარება შეიძლება მხოლოდ 1 ადამიანს დაენიშნოს.
_ ადრე აგენტს შეეძლო თავისი მოსაზრება დაეფიქსირებინა, მიენიჭებინა სტატუსი _ “ღატაკი” და იმ შემთხვევაში, თუ დახმარება არ დაენიშნებოდა, გამგებელს შუამდგომლობა გაეკეთებინა და დახმარება ინიშნებოდა. დღეს ასე არ არის _ აგენტები მხოლოდ დეკლარაციებს ავსებენ, წერენ იმას, რასაც მოქალაქე ეუბნება, დეკლარაციის ყველა გვერდზე აწერინებენ ხელს განმცხადებელს და ტვირთავენ სისტემაში. ამის მეტი მოვალეობა აგენტს არ გააჩნია. მართლა არ ვიცით, ვის და როგორ უნიშნავენ, რა პრინციპით ხდება ბენეფიციარების შერჩევა. მხოლოდ ის ვიცით, რომ აგენტი არაფერ შუაშია _ თბილისში, სააგენტოში ანიჭებენ ქულებს, _ გვითხრა ერთ-ერთმა აგენტმა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩოხატაურში, სადაც 5 000-მდე მოქმედი კომლი ცხოვრობს, სოციალურ დახმარებას 1100 ოჯახი იღებს.
2012 წელს დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა 2 000-ს აღემატებოდა, თუმცა, სტატისტიკის კლება იმას არ ნიშნავს, რომ სიღარიბე შემცირდა _ პირიქით, ქვეყანაში სოციალური ფონი გაუარესებულია.
_ დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობის შემცირება ქულათა მინიჭების ახალმა სისტემამ გამოიწვია. ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა გამოსწორდა, _ აღნიშნავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტები, რომლებმაც ყველაზე უკეთესად იციან, რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში, რადგან სააგენტოში შესულ განცხადებებზე რეაგირება სწორედ მათი მოვალეობაა.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მინიმუმ 5 ოჯახი მაინც იქნება, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს “უკიდურესად ღატაკი”.
ჩვენ იმის გარკვევაც შევძელით, რომ ამ პატარა მუნიციპალიტეტში ყველაზე დაბალი _ 1 000-დან 10 000-მდე ქულა 70 ოჯახზე მეტს აქვს:
_ ღატაკი ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალია. ბევრჯერ ვყოფილვართ ისეთ ოჯახებში, სადაც საჭმელიც კი არ აქვთ, _ აღნიშნავენ სოციალური აგენტები, რომელთა დიდი ნაწილი თავადაც დასახმარებლები არიან _ მათი ხელფასი 300 ლარამდეა და ამ თანხით მათ სოფლიდან სოფელში გადაადგილებაც უნდა მოახერხონ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების ნაწილს უჭირს:
_ არ ვიტყვი, რომ მოსახლეობას არ უჭირს, თუმცა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ. სამი-ოთხი წლის წინ სოციალური პაკეტი ბიუჯეტში 150 000 ლარით იყო გათვალისწინებული; წელს ეს თანხა 550 000 ლარია. ვცემთ სხვადასხვა სახის დახმარებას _ ეს იქნება მედიკამენტების შეძენა, ოპერაციების თანადაფინანსება და ა. შ., _ გვითხრა კუჭავამ.
ის, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს, იცის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმაც _ ალექსანდრე სარიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ სოციალური ფონი მძიმეა. როგორც აღმოჩნდა, იგი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლანჩხუთში, რამდენიმე ოჯახმა წინაპრის საფლავზე ლითონის კონსტრუქცია უკიდურესი გაჭირვების გამო მოხსნა:
_ ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვინმემ ოჯახის სასაფლაოზე კონსტრუქცია მოხსნა და ჯართში ჩააბარა პურის ფულის საშოვნად. რაც შეეხება სოციალურ ფონს, ამაში გეთანხმებით და ვიცი, რომ სოციალური და ეკონომიური ფონი ჯანსაღი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას, _ გვითხრა სარიშვილმა.
მისივე თქმით, ზუსტ სტატისტიკას არ იცნობს, თუმცა, ის იცის, რომ მოსახლეობა სოციალური დახმარების დანიშვნისთვის მას ხშირად მიმართავს:
_ ნამდვილად გვაქვს იმის ფაქტები, რომ ჩვენთან მოდიან და გვთხოვენ, რომ გავუწიოთ შუამდგომლობა დახმარების დანიშვნაზე. ეს პრობლემა დგას. რაც შეეხება სტატისტიკას, ვერ გეტყვით, გაზრდილია თუ არა, თუმცა, მუნიციპალიტეტში იგივეა, რაც წინა წელს იყო. გასულ წელს ერთჯერადი დახმარების გაცემის პროგრამა გვქონდა, წელს მედიკამენტების შეძენაში ვეხმარებით, რადგან ეს უფრო მიზნობრივად ჩაითვალა და მოსახლეობაც კმაყოფილია, _ აღნიშნავს სარიშვილი.
განსხვავებული სიტუაცია არც ოზურგეთშია _ ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების დაპირებები უკეთესი ცხოვრების შესახებ მხოლოდ დაპირებად დარჩა:
_ ჩვენი მერი ხელისუფლებაში იმ დაპირებით მოვიდა, რომ დაგვეხმარებოდა, თუმცა, “ქართული ოცნების” პირველი პირების მსგავსად, მისი დაპირებებიც ტყუილი აღმოჩნდა. ხალხი არავის ადარდებს, ყველა სკამისთვის იბრძვის. მიდით, ოზურგეთის მერიაში, მერთან მიღების დღეს და ნახავთ, რაც ხდება. ატარებენ ხალხს ზევით-ქვევით და სულ ტყუილად. ყველა ერთია, განსხვავება არ არის მათ შორის, _ აღნიშნავენ მოქალაქეები.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე კომენტარი ოზურგეთის მერიის პირველი პირებისგან მოგვეპოვებინა და გაგვეგო, რას აკეთებენ შიმშილის პირას მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად, თუმცა, უშედეგოდ _ არც ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და არც მისმა მოადგილემ, ირაკლი სირაძემ, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.