სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ.
„ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,– განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.(R)