ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჟორდანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, დაახლოებით, პირველ საჯარო სკოლასა და აფთიაქ “ფარმადეპოს” შორის არსებულ ტერიტორიაზე, მძაფრი, უსიამოვნო სუნი გამვლელებსა თუ აქ არსებულ სხვადასხვა ობიექტებში დასაქმებულებს ხშირად უქმნის დისკომფორტს.
ამ ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხის დაბინძურების გამო, კანალიზაციის უსიამოვნო სუნი, ლამის, ნახევარ ქალაქში ვრცელდება, არადა, ჟორდანიას ქუჩის ამ მონაკვეთში, სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტია განთავსებული, რომ არაფერი ვთქვათ აფთიაქებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე.
ეს პრობლემა ლანჩხუთისთვის არახალია და თავის დროზე, “გურია ნიუსი” წერდა კიდეც ამის შესახებ. დროდადრო შესაბამისი სამსახურების მიერ ხდებოდა კიდეც არხის გაწმენდა-გასუფთავება, თუმცა, პრობლემის ძირეულად აღმოფხვრა ამ დრომდე არ მოხერხდა და უსიამოვნო სუნი ქალაქში გამვლელებს ახლაც აწუხებთ, რომლებიც უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
“არხში დაბინძურებული წყალი გროვდება, რის გამოც ხშირად ამ მიდამოებში უსიამოვნო სუნი დგება. ზოგჯერ ისეთი მძაფრი სუნია, პირდაპირ ყარს აქაურობა. ეს ახალი პრობლემა ნამდვილად არაა _ წლებია, უკვე ამ ტერიტორიაზე ასეთი მდგომარეობაა. ახლა კიდევ რა უჭირს, ზოგჯერ ისეთი მდგომარეობაა, რომ გაძლება ჭირს. ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. სირცხვილია, ნახევარი ქალაქი შარდის სუნით ყარდეს.
ითქვა, რომ აქ გამავალ სანიაღვრე არხში კერძო საცხოვრებელი სახლებიდან ჩაედინება მოხმარებული და დაბინძურებული წყალიო. მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებიც ხშირად აქ ასხამენ ნარეცხ წყალს. როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა ისაა, არხს არ აქვს სათანადო დახრა, რომ წყალი გაატაროს და ამიტომ გუბდება, შემდეგ კი დგება არასასიამოვნო სუნი”, _ ამბობენ ის ლანჩხუთელები, ვისაც ქალაქის ცენტრის ზემოთ ნახსენებ მონაკვეთში დღის განმავლობაში ხშირად უწევთ გადაადგილება და უსიამოვნო სუნით წუხდებიან. მათივე თქმით, სანიაღვრე არხებში კანალიზაციის სუნი ჟორდანიას ქუჩის სხვა მონაკვეთშიც იგრძნობა.
ქალაქის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის მერია და ზემოთ ნახსენებ პრობლემას აღიარებენ.
“ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას. არაერთხელ ვიყავით კიდეც მისული ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად, თავად ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ არხში მათი სახლებიდან ჩაედინება დაბინძურებული წყალი, შესაბამისი სამსახურის მიერაც სისტემატურად ხდება ამ არხის გასუფთავება, თუმცა, აქ არსებული პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ეს არასაკმარისია”, _ ამბობენ ლანჩხუთის მერიაში.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან მიღებული პასუხით ირკვევა, ჟორდანიას ქუჩაზე სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამოსწორებაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტია ჩართული.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჟორდანიას ქუჩაზე იგეგმება სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ამასთანავე, ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია”, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.